ბედი ქართლისა (განხილვა) pdf

18

Upload: -98-

Post on 12-Apr-2017

8.580 views

Category:

Education


5 download

TRANSCRIPT

Page 1: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
Page 2: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

ისტორიული ექსკურსი:

მე–18 საუკუნის დასაწყისში ქართლ–კახეთს ირანი თავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს.

1720 წლის 7 ნოემბერს, თელავის სასახლეში უფლისწული დაიბადა – ძე თეიმურაზისა და თამარისა, შვილიშვილი მეფე ვახტანგ მეექვსისა, ერეკლე, – ხალხისგან „პატარა კახად“ წოდებული.. საქართველოს უკანასკნელი დიდი ხელმწიფე. ლევან სანიკიძის „დედა ისტორიაში“ ვკითხულობთ: „1735 წელი პირველი გამოსვლაა თხუთმეტი წლის პატარა კახისა – დასაწყისი უკანასკნელი დიდი ქართველი ხელმწიფისა და მამულიშვილისა… ცხენზე ზის ერეკლე ბატონიშვილი და სამოცი წელიწადი ვერ ჩამოხტება საომარი უნაგირიდან.“

Page 3: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

1762 წელს თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ქართლ-კახეთი გაერთიანდა ერეკლე II-ის კვერთხის ქვეშ. ერთმეფობა დამყარდა საქართველოში. XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ერეკლე II-ის სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა რუსეთს, გაფორმდა 1783 რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატი, ერეკლე II-ს მიაჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომ წინსვლას და მის სამეფოს გარეშე მტრებისგან დაიცავდა, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვალა, დიდი სახელმწიფოები გააქტიურდნენ და კვლავ დაიწყეს ბრძოლა ამიერკავკასიის დასაუფლებლად.

ასე გაფორმდა „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, ოდიშისა და გურიისა აღწერილი სამეუფეოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა“. ამ ტრაქტატის თანახმად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II, იმერეთის მეფე სოლომონ II, ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი და გურიის მთავარი სიმონ გურიელი ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობის და მტრის წინაამღდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულებას დებდნენ.

Page 4: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

1795 წლის ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა.

გადმოცემით, პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა შაჰი ქართველთა სისუსტეში. გმირულად იბრძოდნენ ქართველები. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმის წევრები, რომლის შემადგენლობაში იყვნენ 300 არაგველნი.

სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.

Page 5: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

ქართველმა მეფეებმა უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარეს. ბრძოლა ქართველებს ძირითადად ოსმალებისაგან წაქეზებული ჩრდილო–კავკასიელებისა და დაშლილი ირანის ზოგიერთი სახანოს, ამიერკავკასიის და ქართლ–კახეთის დაპყრობის მსურველ მმართველებთან უხდებოდათ. მტერთან ომი ზოგჯერ შიდაომებშიც გადაიზრდებოდა ხოლმე. აშკარა იყო რომ მეზობელი სამი დიდი სახელმწიფოდან, როგორებიც იყო თურქეთი სპარსეთი და რუსეთი, თითეული ცდილობდა დაეპყრო საქართველო. ისიც გამოიკვეთა, რომ საქართველოს დიდი ხნის თავისუფლება არ ეწერა. საქართველოს დამონებისათვის მიმდინარე ბრძოლაში საბოლოოდ რუსეთმა გაიმარჯვა, რომელიც აგრესიით მოიწევდა ამიერკავკასიისაკენ და ჩანდა, რომ მის გადაწყვეტილებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.

Page 6: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

1798 წლის 11 იანვარს, ღამით, შობიდან 77 წლისა აღესრულა ქართველთა დიდი მეფე თელავის სასახლის იმავე პალატში და იმავე სარეცელზე, სადაც დაიბადა. მთელმა საქართველომ გულით დაიტირა თავისი საყვარელი პატარა კახი. ოცი ათასი შეიარაღებული ვაჟკაცი ცოცხალ კედლად აღიმართა სასახლის ირგვლივ. შავი ძაძით შეიმოსა სრულიად საქართველო. 40 დღის განმავლობაში ხელით ატარეს ძვირფასი ნეშტი სატახტო ქალაქიდან უძველეს სატახტო ქალაქამდე. გზადაგზა ტაძრებში ასვენებდნენ და პანაშვიდებს უხდიდნენ. მგლოვიარე მოსახლეობა თელავიდან მცხეთამდე ხალიჩებს უფენდა საყვარელ მეფეს.

Page 7: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

ნაწარმოები იწყება კახთა (კახელთათვის) მიმართვით. აქვე სახელდება ერეკლე მეფე,რომლის საგმირო საქმეთა აღწერასაც “ყარიბი მგოსანი” საჩუქრად “არმაღანად” და “ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად” უძღვნის პოემას პატარა კახის სამკვიდროს შვილთ. სიუჟეტი კი ერეკლე მეფის ლოცვით იწყება:

“მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!

გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს საქართველოსა ჭირნი მოადგეს! მრავალ არიან, უფალო, მტერნი და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!

გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო, და აღადგინე დღეს საქართველო!”

Page 8: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

მეფის ლოცვა და დამოძღვრა სამწყოსი სრულად ასახავს პოეტის განწყობას ერეკლე მეორის მიმართ,თუმცა სადაო კრიტიკოსთა შორის არაერთხელ გამხდარა, ემხრობა და ამართლებს თუ არა ამ ნაწარმოებით ავტორი მეფეს?! ერეკლე ერის მამა, ძალგულოვანი მხცოვანი მეფეა, რომელსაც გასიგრძეგანებული აქვს პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის,ისტორიისა და მომავალი თაობების მიმართ.

“ჰხედავთ, ვითარის კადნიერებით შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება! საქართველოს დღეს გარდაუწყდება თავისი ბედი და უბედობა! დღეს ეჭირება მამულს მხნეობა! დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი, ვითა თქვენგანი ერთი მხედარი: დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული, ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!”

Page 9: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

მეფის ამ შეძახილს მორჩილი და ხელმწიფით ამაყი, თავგანწირვისთვის ნებელობაურყევი ლაშქარი პასუხობს:

“ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით, ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი! მტერი რა მტერი, ოდეს ქართველი ბატონს ირაკლის ნუგეშად ხედავს; მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!”

მეფის მამობრივი გული სამწყსოს ვაჟკაცობამ და თავგანწირვისთვის მზაობამ გაამხნევა, მოხუცის მკერდში ბრგე მეომრის გული აძგერდა, და ამასობაში მტერიც მოადგა საზღვრებს:

“შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი; ვითა ნადირსა მშიერი ლომი, ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი, და მტკვარსა შერთეს სისხლისა ღვარნი! ორნივ იბრძვიან გამწარებულნი, ორნივ ომებში გაქეზებულნი.”

საყურადღებო პასაჯია მწერლის ობიექტურობის თვალსაზრისით ბოლო ორი სტრიქონი,სადაც “ომებში გაქეზებული”-ანუ გაწაფული მტრის გამოცდილებაზე საუბრობს მგოსანი.

Page 10: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

რამდენიმედღიანმა ბინდმა თუ განთიადმა ქართველთა მხარეს არაერთგზის გადახარა იღბლიანი ბედისწერის სასწორი,მაგრამ,ვაგლახ,ორგულთა და მოღალატეთა დახმარებით აღა-მაჰმად-ხანმა დაასუსტა ქართველთა ლაშქარი,.

ერეკლეს ჯერ კიდევ ჰქონდა ქართული სისხლის დუღილის იმედი:

“მაგრამ, ჰოჲ, გმირნო, ნუ შეშფოთდებით, თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით: რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის; “

ორგულობამ “აჰყარა მამულს სიმტკიცის ბჭენი”, ფუჭად დაიღვარა ათასობით ვაჟკაცთა სისხლი ნარიყალას ციხე-გალავანთან,მეფემ კი მთიულეთს მიაშურა. არაგვის ხეობის შემოგარენმა შეიტყუა ერეკლე ფიქრებით, მისმა შეპოვარმა ბუნებამ შეიხიზნა ძლეული მეფე, რომელსაც თან სახელგანთქმული მსაჯული-სოლომონ ქველი ახლდა.

Page 11: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

სწორედ სოლომონისა და მეფის ბჭობა განასახიერებს როგორც მაშინდელი,ისე თანადროული საზოგადოების აზრთა სხვაობას, რუსეთთან ქვეშევრდომობის აუცილებლობის მტკივნეულ საკითხს რომ განიხილავს.ეს დიალოგი მეფის არგუმენტებით იწყება,ანუ რატომ გადაწყვიტა,სთხოვოს მფარველობა რუსეთს?!

“ამიერითგან გაქეზებული მაჰმად-ხანისა მოსისხლე გული არ დაგვაწყნარებს სიამაყითა: მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა; ეს ხმა ლეკთაცა აგვიყაყანებს; ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს, და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ”

ნაღალატევ-ნაორგულები მეფის ფიქრებს თითქოს სასოწარკვეთილების სევდა შეჰყრია, გმირული სულისკვეთების იმედი აღარ შერჩენია, დარცხვენილი და სვეგამწარებული ერეკლე ღაღადებს:

” აბა რომელს შვილს ვხედავ ღირსეულს, რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს?”..

Page 12: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

ერთი შეხედვით დაეკითხა მფე მსაჯულს,მაგრამ სიუჯეტის განვითარება ცხადჰყოფს,რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სოლომონის პასუხი ვერაფერს შეცვლის,მიუხედავად იმისა,რომ მსაჯულის მიმართ უსპეტაკესი დამოკიდებულების გარდა ნატამალი ეჭვისა შემოთავაზებული გამოსავლის სისწორეში არ არსებობს. მეფე უმხელს სოლომონს გადაწყვეტილებას:

“აწ განთქმულია რუსთა სახელი, ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი, დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა, მტკიცე კავშირი, — სარწმუნოება, — მას მსურს, რომ მივცე მემკვიდრეობა, და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!”

იმგვარი გულწრფელობით აღწერს მგოსანი სოლომონის ემოციას, რომ თითქოს მკითხველს მისი განცვიფრებული გამომეტყველების აღქმაც შეუძლია, შეშფოთებული ხმა კი ცხადად ჩაესმის; მსაჯული მოურიდებლად შეაგონებს მეფეს:

“ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა, ეზდენ შენზედა მსასოებელთა! ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლება?”

Page 13: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

ერეკლეს არგუმენტი სჯულის ერთობაა,მაგრამ სოლომონის აზრით, ეს ერთა შორის შეუთავსებლობას ვერ გაანეიტრალებს, ინტერესთა, ტრადიციათა, ფიქრთა და განსჯათა სხვაობას ვერ აქცევს ერთ მთლიანობად, ქვეშევრდომობა ერთი სჯულის ხალხისა მაინც მონობის უღელია, ამ აზრით არის მიუღებელი სოლომონისათვის მეფის გადაწყვეტილება.

“სახელმწიფოსა სჯულის ერთობა არარას არგებს, ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს. ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს”

შთაბეჭდილება რჩება,რომ თითქოს სოლომონი ცდილობს მეფის დაყოლიებას მისივე ქებითა და იმავდროულად შეშინებაც კი სურს,მომავალ თაობათა საგმოდ არ გაიხადოს საქმე ნაამაგარით მადლმოსილმა ხელმწიფემ,მაგრამ სინამდვილეში,გულწრფელად უნდა აარიდოს მის შეუბღალავ სახელს ისტორიის აღმწერთა მტარვალი ხელი.

“მაშინ ირაკლის სახსენებელი ვინღა ახსენოს, აწ საქებელი? ნუ, ხელმწიფეო, მას ნუ ინებებ; შენგან კი მაგას ნუ გაგვაგონებ,

და მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს, მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს. ხოლო ირაკლი ვიდრე ჰყავთ ქართველთ, უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ!”

Page 14: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იყო სოლომონისათვის მეფის პასუხი:

“ახლა კი დროა, სოლომონ, რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა. მან საფარს ქვეშე მხოლოდ რუსეთის ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის “

მსაჯული აღარ უფრთხის საფიცარი ერეკლეს წყენინებას, იგი თამამად ებრძვის ,მისი აზრით, ძალაგამოლეულ ფიქრებს მეფისას:

“განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს! ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს არად მიაჩნით უბედურება, თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება”.

“აი მივიღებ მე შენთ რჩევათა და დავიდუმებ ჩემსა გულის თქმას; ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას, რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება, ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!”

მიუხედავად შეუპოვარი და უკომპრომისო კამათისა, მეფეს მსაჯულმა გადაწყვეტილება ვერ გადააფიქრებინა, თუმცა ერეკლემ ხელმწიფისათვის ნიშნეული დიპლომატიური ხერხებით აირიდა მსაჯულთან კამათი და უპასუხა:

Page 15: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

ამგვარად შეუთანხმებელნი და არგუმენტებით დაშორიშორებულნი განერიდნენ ერთმანეთს მეფე და მსაჯული,ერეკლემ კახეთს მიაშურა,სოლომონმა კი თავის სამოსახლოსა და ოჯახობას ქსნის ხეობაში,გზად გულმოკლული ფიქრები აჰყვა მსაჯულს:

“მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება, მისდევდე შენსა გულისკვეთებას და უთრგუნვიდე თავისუფლებას? შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება, რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება, და რად ივიწყებ, რომე მარადის ერსა ეკუთვნის გულისთქმა მეფის!”

იმდენად დაუჯერებელი აღმოჩნდა მეფის გადაწყვეტილება სოლომონისათვის, რომ ისიც კი იეჭვა,ღალატმა ხომ არ აუცრუაო გული ერეკლეს თავის ხალხზე,საზღაურის ნიშნად ხომ არ იმეტებსო ქვეშევრდომობისთვის?!-”მაშ რამ უცვალა მას გული მყარი, ქართველებისთვის ესთ თანამკვდარი?.. “

Page 16: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

იმდენად დარწმუნებულია ქველი მეფის უზადო ხელმწიფებაში,რომ ბოლოს საკუთარი აზრის სისწორეში შეაქვს ეჭვი სოლომონს:

“მაგრამ ვინ იცის! იგი იქნება უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირება: ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის გონება ყმათა ვერა მიხვდების!”

ამგვარი ეჭვებით დათრგუნული მსაჯული მიადგება სახლის კარს ,სადაც მისებრი ბრძნადმოაზროვნე მეუღლის ხედვათა თანაზიარი “სათნო სოფიო, სულისა ტოლი” მოელოდება... უმალ გაუზიარებს საწუხარს:

“ვეჭობ, სოფიო, რომე ირაკლი ქართველებზედა იყოს გულნაკლი; მწარედ უპირებს ბატონი დასჯას თავის შვილების ამა ურჩებას; ვეჭობ, რომ იგი სამეფოს ქართლის აძლევს საფარს ქვეშ რუსთა ხელმწიფის.”

Page 17: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

სოლომონს თვალწინ ეხატება რუსეთის ქვეშევრდომობას შეგუებულ ქართველ ქალთა ახალი ცხოვრების სურათი,როგორ განცხრომას ეძლევიან პეტრეს ქალაქში ჩვენი ბანოვანები, როგორ შენივთებიან უცხოობაში ნაგემ თავისუფლებას,როგორ დავიწყებიათ მშობელი მიწის მონობის ტკივილი... ასე აღწერილ ცხოვრებას,ქალის გონსაწიერი თითქოს უნდა მოეხიბლა კიდეც,მაგრამ ქველი სოლომონის ბრძენმა სოფიომ მტკიცედ მიუგო პასუხად:

“უწინამც დღე კი დამელევა მე! უცხოობაში რაა სიამე, სადაცა ვერ ვის იკარებს სული და არს უთვისო, დაობლებული? რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვეებული? “

მეუღლის პასუხმა მამულიშვილს სიამაყის გრძნობა გაუღვიძა, სოფიოს მადლმოსილმა სიტყვებმა სასოწარკვეთილ მსაჯულს ქართველ ქალთა ხოტბა წარმოათქმევინა: “ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,

კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო! რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?”

Page 18: ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf

გულს კი მაინც უსერავდა იმ მონა-ქართველთა აზროვნება, რომელთა სათქმელის წარმოდგენა არ გაჭირვებია სოლომონს:

“ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს, ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარს გულს; რის ქართველობა, რა ქართველობა! მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?”

... ამასობაში ერეკლე მოსდგომია მტრისგან აოტებულ ქალაქს, მეფის თვალწინ უმძიმესი სურათი გადაიშალა: დანაცრებულ თბილისში ტრაგიზმით აღსავსე დუმილი დასადგურებულა,მას მხოლოდ ქვეყნის უტყვი მატიანე მდინარე მტკვრის ბუტბუტი არღვევდა, “იგი გადარჩა მხოლოდ სპარსელთა! “ დაიწყო მეფემ დანგრეული ქალაქის აღმშენებლობა, მხცოვანმა მეფემ უსარდლა ქართველთა ლაშქარს და მოიგერია ლეკნი სპარსნი და ოსმალნი, “მაგრამ ამაო იყო ყოველი: დიდიხანია გულს ირაკლისა გარდუწყვეტია ბედი ქართლისა! “

ასე შეესიტყვა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს ნიკოლოზ ბარათაშვილი- სამშობლოს დიდი ქომაგი და მეხოტბე, მამულივით უიღბლო და მისი ტკივილისა თუ ცრემლის მესალბუნე მგოსანი.