პროლოგი ხელს უწყობდა სულ არ იყო ·...

22
პროლოგი სიბნელე, რომელიც ვარსკვლავების სიკაშკაშეს ხელს უწყობდა, სულ არ იყო კეთილისმსურველი. სიბნელეში, როცა ადამიანები თავიანთ სახლში ბრუნდებიან, კარს კეტავენ, ფარდებს მიღმა რჩება ყველაფერი, რაც შიგნით ხდება და თავს დაცულად გრძნობენ, იწყება ყველაფერი მათთვის, ვინც გარეთ რჩება. და არა მარტო... ბნელ ქუჩებს მხოლოდ მთვარის ნათელი შუქი ანათებდა. სიჩუმეს მხოლოდ ნოემბრის ცივი ნიავი არღვევდა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა ფოთლებს, რომლებიც ჯერ ისევ ხეებს შემორჩენოდათ. ღამის სიბნელეში იმალებოდნენ ადამიანები, რომელთა შესახებ სხვებმა არ იცოდნენ. ისინი თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილები იყვნენ მანამ, სანამ მათ შორის განხეთქილებამ არ იჩინა თავი. მათი რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. თავიდან სამნი იყვნენ, შემდეგ კი ცამეტნი, ბოლოს კი მრავალნი გახდნენ.მათ შესახებ რეალობას ნელ-ნელა ფარდა ეხდებოდა. ეს კი საფრთხეს ნიშნავდა ყველასთვის. მათ, ვინც ყველაფერი ეს წამოიწყეს, ყველაფრის შეცვლა მოისურვეს. და შენ გქონდეს ძალა, ყველაზე დიდი ძალა, რომლითაც ბოლოს მოუღებ ყველა შენნაირს, ვინც პატარა იქნება“. ეს აზრი უილიამს გონებაში უტრიალებდა და მოსვენებას არ აძლევდა. ბენჟამინი და დენიელი მას არწმუნებდნენ, რომ ეს ერთადერთი გზა იყო თავდაცვისა, მაგრამ უილიამი მაინც ეჭვებით იყო მოცული, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხის წინაშე იყვნენ და ამას ხვდებოდა, თუმცა მაინც არ უნდოდა ეს გზა აერჩია. ცდილობდნენ დაემალათ, თავიანთი განზრახვა და ფრთხილად ემოქმედათ, რომ არავის გაეგო იმის შესახებ, თუ რას გეგმავდნენ ისინი. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, თავად უილიამის მიერ გარდაქმნილი. მხოლოდ მას გამოუტყდა ის და მოუყვა, რასაც გეგმავდნენ. ურჩია რომ წასულიყო სადმე შორს და დაევიწყებინა მათ შესახებ ყველაფერი. -ჩვენ ერთნი ვართ. ეს აზრადაც კი არ უნდა გაგევლოთ - ახალგაზრდა ბიჭი განცვიფრებული იყო იმის გამო, რაც უთხრა უილიამმა. მაგრამ ბიჭს ამის შესახებ უფრო ადრე გაეგო, ვიდრე უილიამი ეტყოდა. -თქვენ არანაირი საერთო არ გაქვთ ჩვენთან, გარდა სისხლისა. თქვენ სუსტები ხართ - დენიელი და ბენჟამინი სწორედ მაშინ გამოჩნდნენ, როცა უილიამი ახალგაზრდა ბიჭს ესაუბრებოდა. -შენ, როგორ შეგეძლო და შენზე სუსტს, არარაობას უფლებას აძლევდი ეცხოვრა- დენიელმა ზიზღით გამოსცრა სიტყვები.

Upload: others

Post on 28-Feb-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

პროლოგი

სიბნელე, რომელიც ვარსკვლავების სიკაშკაშეს ხელს უწყობდა, სულ არ იყო კეთილისმსურველი. სიბნელეში, როცა ადამიანები თავიანთ სახლში ბრუნდებიან, კარს კეტავენ, ფარდებს მიღმა რჩება ყველაფერი, რაც შიგნით ხდება და თავს დაცულად გრძნობენ, იწყება ყველაფერი მათთვის, ვინც გარეთ რჩება. და არა მარტო...

ბნელ ქუჩებს მხოლოდ მთვარის ნათელი შუქი ანათებდა. სიჩუმეს მხოლოდ ნოემბრის ცივი ნიავი არღვევდა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა ფოთლებს, რომლებიც ჯერ ისევ ხეებს შემორჩენოდათ.

ღამის სიბნელეში იმალებოდნენ ადამიანები, რომელთა შესახებ სხვებმა არ იცოდნენ. ისინი თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილები იყვნენ მანამ, სანამ მათ შორის განხეთქილებამ არ იჩინა თავი. მათი რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. თავიდან სამნი იყვნენ, შემდეგ კი ცამეტნი, ბოლოს კი მრავალნი გახდნენ.მათ შესახებ რეალობას ნელ-ნელა ფარდა ეხდებოდა. ეს კი საფრთხეს ნიშნავდა ყველასთვის. მათ, ვინც ყველაფერი ეს წამოიწყეს, ყველაფრის შეცვლა მოისურვეს.

„და შენ გქონდეს ძალა, ყველაზე დიდი ძალა, რომლითაც ბოლოს მოუღებ ყველა შენნაირს, ვინც პატარა იქნება“. ეს აზრი უილიამს გონებაში უტრიალებდა და მოსვენებას არ აძლევდა. ბენჟამინი და დენიელი მას არწმუნებდნენ, რომ ეს ერთადერთი გზა იყო თავდაცვისა, მაგრამ უილიამი მაინც ეჭვებით იყო მოცული, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხის წინაშე იყვნენ და ამას ხვდებოდა, თუმცა მაინც არ უნდოდა ეს გზა აერჩია. ცდილობდნენ დაემალათ, თავიანთი განზრახვა და ფრთხილად ემოქმედათ, რომ არავის გაეგო იმის შესახებ, თუ რას გეგმავდნენ ისინი. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, თავად უილიამის მიერ გარდაქმნილი. მხოლოდ მას გამოუტყდა ის და მოუყვა, რასაც გეგმავდნენ. ურჩია რომ წასულიყო სადმე შორს და დაევიწყებინა მათ შესახებ ყველაფერი.

-ჩვენ ერთნი ვართ. ეს აზრადაც კი არ უნდა გაგევლოთ - ახალგაზრდა ბიჭი განცვიფრებული იყო იმის გამო, რაც უთხრა უილიამმა. მაგრამ ბიჭს ამის შესახებ უფრო ადრე გაეგო, ვიდრე უილიამი ეტყოდა.

-თქვენ არანაირი საერთო არ გაქვთ ჩვენთან, გარდა სისხლისა. თქვენ სუსტები ხართ - დენიელი და ბენჟამინი სწორედ მაშინ გამოჩნდნენ, როცა უილიამი ახალგაზრდა ბიჭს ესაუბრებოდა. -შენ, როგორ შეგეძლო და შენზე სუსტს, არარაობას უფლებას აძლევდი ეცხოვრა- დენიელმა ზიზღით გამოსცრა სიტყვები.

-თქვენ შეგვქმენით ჩვენ ყველანი, ახლა კი ჩვენი განადგურება გსურთ.

-გადარჩენისთვის ასეა საჭირო. სხვა გზა არ არის -უპასუხა უილიამმა, თუმცა თავისივე სიტყვებში თვითონვე ეჭვი ეპარებოდა. ახალგაზრდა ბიჭს კი ირონიულად ჩაეცინა. ჯიბიდან ჩამალული პატარა დანა ამოიღო. ამის დანახვაზე უილიამი მოიღუშა, ვინაიდან ხვდებოდა ეს რა დანაც იყო და რისთვისაც იყენებდნენ. დანა მოჯადოვებული იყო ბნელი მაგიით და მისი გამოყენებით გაიხსნებოდა ადგილი... სადაც მათ უსაზღვრო ტანჯვა ელოდებოდათ. მაგრამ უილიამს მალევე გაახსენდა ის ფაქტი, რომ დანა აქამდე თვალით არავის ენახა. ყველას გაგონილი ჰქონდა მაგრამ არა ნანახი, და საუკუნეებიის განმავლობაში არ იყო გამოყენებული. უილიამს წამიერად იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა. იქნებ სულაც არ გახსნილიყო ის ადგილი ამ დანით?

-იქ წახვალთ, სადაც თქვენი ადგილია- თქვა ბიჭმა და დანა მაჯაზე გადაისვა. მის ფეხქვეშ მყოფი მიწა თავისივე სისხლით დაფარა. ბენჟამინმა, დენიელმა და უილიამმა მუხლებში სისუსტე იგრძნეს. მათ ფეხქვეშ მიწა შეირყა. სასოწარკვეთილნი ირგვლივ იყურებოდნენ. ნაბიჯს ვერ დგამდნენ, ქანდაკების მსგავსად ერთ ადგილას იდგნენ. ცდილობდნენ ხმა ამოეღოთ, მაგრამ სიტყვები ჰაერს ერეოდა და მათ ხმას ახშობდა. ბიჭი კი მათ წინ კმაყოფილი სახით იდგა და მოვლენებს შესცქეროდა.

-მგონი ხვდებით, ვისაც მივმართე ამისთვის. გამოსავალი, როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს, მაგრამ ეს შეუძლებელია, რომ ოდესმე მოხდეს- მხოლოდ უილიამი ხვდებოდა, რასაც ბიჭი გულისხმობდა. შეუძლებელი იყო, რადგან მტრები არასდროს არ არიან ძმებზე ახლოს. და მტრებს არ შეუძლიათ თავი გაწირონ ერთმანეთისთვის. ბიჭმა პატარა დანა მიწაზე დააგდო და ადგილს მოშორდა. მათ ირგვლივ კი მიწა ნელ-ნელა იხსნებოდა. ჯერ ერთი ადგილი ჩავარდა, შემდეგ მეორე, ბოლოს კი მიწიდან სინათლემ ამოხეთქა და სრულიად გაიხსნა მათ ფეხქვეშ. ყვირილი სცადეს, გაქცევა სცადეს მაგრამ ვერაფერი ვერ მოახერხეს. წამში კი ისინი უკვე იქ აღარ იყვნენ. მიწა გამთელდა და თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. პატარა დანა კი ისევ იქ მიწასთან იყო მიგდებული, და ზედაპირი ახალგაზრდა ბიჭის სისხლით იყო მოსვრილი. ღამის სიბნელეში მომხდარ ამ ყველაფერს ოთხზე მეტი მოწმე ჰყავდა. უცხო პიროვნება ადგილს მიუახლოვდა და ძირს დაგდებული დანა აიღო. ერთხანს კმაყოფილი უყურებდა, შემდეგ კი ჯიბეში ჩაიდო და გზა განაგრძო.

პირველი

ღამის სიბნელეში უცხო კაცი დაღლილი მიაბიჯებდა სახლისკენ.

-უკაცრავად-დრიუ უცხო კაცს ნელა მიაუახლობდა და ორივე ხელით მკლავებში მოუჭირა. ისე ძლიერ უჭერდა, რომ კაცმა ვერ მოახერხა თავი გაეთავისუფლებინა. ბიჭი კაცს მიუახლობდა, თითქოს რაღაც უნდა ჩასჩურჩულოსო. კაცმა ყვირილი სცადა, მაგრამ მხოლოდ პირის გაღება მოასწრო. ბოლოს ბიჭმა სისხლისგან გამოცლილი სხეული ძირს დააგდო.

-ასეთი საქციელი, სულაც არაა ჯენტლმენური- უთხრა ბიჭს ნაცნობმა ხმამ. დრიუმ პასუხის ნაცვლად გაუღიმა. -არ დაგავიწყდეს რისთვის ვართ აქ.

-რატომ მაინც და მაინც ის? რატომ არის ის ასეთი განსაკუთრებული?-ბიჭს უკმაყოფილება სახეზე ეტყობოდა.

-მალე გაიგებ. როცა დრო მოვა, ჰექტორი ყველაფერს მოგიყვება. - უპასუხა გოგომ

ტბას, რომლის დასაწყისი და დასასრული არ მოჩანდა, მზის სხივები ამშვენებდა. ირგვლივ ხეებისგან გამოწვეული სიმწვანე სუფევდა. სტივმა ირგვლივ მიმოიხედა, არ ეცნობოდა აქაურობა. ადგილი, რომელიც ტყესაც მოაგონებდა კაცს და ამასთან, პატარა ლამაზ ქალაქსაც. არანაირი შენობა არ ამშვენებდა, მხოლოდ რამდენიმე ხე,ტბა და გვირაბი ჰქონდა. ტბა ისეთი სუფთა იყო, ფსკერის დანახვაც კი შეიძლებოდა. გვირაბები კი ბნელი და უსასრულო ჩანდა. სტივი იმდენად მოიხიბლა ამ ადგილით, რომ მეტის ნახვა სურდა. ნაბიჯი გადადგა. უცბად ჩაესმა კივილის ხმა. ხმა რომელიც გონებას უწვავდა, რომელიც არსაიდან მოდიოდა.

ღამის 3:20 წუთი იყო, რომ სტივს გამოეღვიძა. სიზმარზე ბევრი არ უფიქრია, ხშირად ესიზმრებოდა ეს ადგილი, რომელსაც ენით ვერ აღწერდა. ლოგინიდან წამოდგომა რომ სცადა, მაშინ მიხვდა, რომ თავი ისევ სტკიოდა. ყელის სიმშრალემ აიძულა სამზარეულოში ჩასვლა. ისე, რომ ერთი თვალი ისევ დახუჭული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თავი სტკიოდა და უკვე ეღვიძა, მაინც არ უნდოდა გამოფხიზლება. ამ ხერხის მეშვეობით, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული იყენებდა, ლოგინში დაბრუნებისას მალევე მიდიოდა ძილში. რამდენიმე მცდელობის შემდეგ წყლის ჭიქას მიაგნო. წყალი მოუშვა და ჭიქა მიუშვირა. უცბად მოესმა, რომ ვიღაც გამყინავი ხმით მას ეძახდა. ფანჯრისკენ მიიხედა. სტივი ადგილზე გაქვავდა. გოგო დაინახა, რომელიც მას თვალებში უმზერდა. სცადა მისკენ წასვლა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ იქაურობა კივილის ხმამ

მოიცვა. შემდეგ სინათლე ჩაქრა. სტივს ხელიდან ჭიქა გაუვარდა და გაუტყდა. წამებში სინათლე ისევ აინთო. ისევ ფანჯრისკენ მიიხედა, მაგრამ გოგო აღარსად ჩანდა. ჭიქის ნამსხვრევების ასაღებად დაიხარა. -ფუ შენი...- ჭიქის ნამსხვრევების პატარა ნაწილი სტივს ხელში შეერჭო და სისხლმა დენა დაიწყო.

-სტივ- მან ისევ გაიგონა, რომ ვიღაც ეძახდა. მიუხედავად იმისა, რომ ხმა მის ზურგს უკნიდან მოდიოდა, ინსტიქტურად ისევ ფანჯრისკენ მიიხედა. გოგო ისევ იქ იდგა, მაგრამ თვალის დახამხამებაში კვლავ გაქრა. სტივმა ხელი შეიხვია და ნამსხვრევების აკრეფას რომ მორჩა, ძილის გასაგრძელებლად საძინებელ ოთახში დაბრუნდა. საწოლზე წამოწვა და ფიქრი დაიწყო იმ გოგოზე, ვინც დაინახა. იქნებ მოეჩვენა, მხოლოდ ილუზია იყო და მეტი არაფერი? ამ ფიქრებში იყო გართული, რომ უეცრად ფანჯარა გაიღო. სტივი დასახურად წამოდგა, ფანჯარაში გაიხედა და ადგილზე გაშეშდა. ქუჩაში, მის ფანჯრის ქვეშ ისევ ის იდუმალი გოგო იდგა და მას უყურებდა. სტივს ეს ყველაფერი უკვე აღიზიანებდა და გულ მოსულმა ის-ის იყო დაბლა ჩასვლა დააპირა, რომ ყურში ზურგიდან გოგოს ხმა ჩაესმა : -ყურადღებით სტივ.

სტივი სუნთქვაშეკრული მიბრუნდა მისკენ. მის წინ იდგა, გოგონა -გრძელი მუქი თმით, დიდრონი მომწვანო თვალებითა და მოვარდისფრო კანის ფერით. მაღალი, სუსტი აღნაგობის, თუმცა მოქნილი და მკვრივი. თხელი, ტანზე მომდგარი კაბა გამოკვეთავდა მის ვიწრო წელსა და ხაზს უსვამდა ლამაზ ფიგურას.

სტივი სიტყვისუთქმელად მიაშტერდა გოგონას. გონებაში აზრებს თავს ვერ უყრიდა.

-ვინ ჯანდაბა ხარ? - ამის თქმაღა მოახერხა სტივმა, რომ გოგო მხედველობიდან გაქრა. სტივი ადგილიდან არ იძროდა, მომხდარს ვერ იაზრებდა. მისთვის შეუძლებელი იყო ამ ყველაფრის რეალობად აღქმა.

ორი გოგო ღამის სრულ სიბნელეში უცხო პიროვნების სახლთან იდგა. მათ, ბიჭისაგან განსხვავებით,გაცილებით მეტი იცოდნენ მის ცხოვრებაზე.

-ფიქრობ, რომ მის გადარჩენას ამ ყველაფრისგან შევძლებთ? -იკითხა გოგომ. მას მბზინავი ქერა თმა, თაფლისფერი თვალები და თხელი ტუჩები ჰქონდა, რაც მის გამოხედვას ერთგვარ სიმკაცრეს აძლევდა.

-არ ვიცი კეიტ. მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ ჰექტორი შევაჩეროთ.

-დარწმუნებული ხარ, რომ სწორ პიროვნებას მივაგენით?-იკითხა კეიტმა

-ზუსტად მახსოვს 17 წლის წინ, რაც მოხდა და ზუსტად ვიცი, რომ ის სტივია.

ორმა გოგომ უცხო ბიჭის სახლს ზურგი შეაქცია და ბნელ ღამეში გზა გაიკვლია. შორს წასვლას არ აპირებდნენ. მათ რაც შეეძლოთ ახლოს უნდა ყოფილიყვნენ სტივთან. მაგრამ ნაცნობი ხმის გაგონებამ გოგოები ადგილზე შეაჩერა.

- შენ - კეიტმა ბიჭის დანახვისას წინ წასვლა დააპირდა მაგრამ ბიჭმა ხელის აწევით ანიშნა, რომ ადგილზე შეჩერებულიყო.

-ერთადერთი და განუმეორებელი - დრიუმ გოგოებს გაუღიმა - ქრისტინ შენ წესით ჭკვიანი უნდა ყოფილიყავი, ორ გოგოს ამ დროს გარეთ რა უნდა? არ უხდება თქვენნაირ კარგ გოგოებს ასეთი საქციელი - ბიჭი ისევ იღიმოდა.

-არც კი გაიფიქრო, რომ სტივის წაყვანის უფლებას მოგცემთ - ქრისტინი დრიუს მოღუშული სახით უყურებდა და მის ხმაში ზიზღი იგრძნობოდა. კეიტს უკვირდა ქრისტინის ცივი დამოკიდებულება დრიუსადმი, ამ უკანასკნელის წარმოუდგენლად მიმზიდველი გარეგნობის მიუხედავად. დრიუს, კუპრივით შავი თმა და ღია ცისფერი თვალები ჰქონდა. სახის მკვეთრი მოხაზულობის ნაკვთები და ოდნავ დაკუნთული სხეული მას ზრდასრული მამაკაცის იერს აძლევდა. თუმცა, მაშინ როცა იღიმოდა და ლოყები ეჩუტებოდა, პატარა ბავშვივით საყვარელი ხდებოდა.

-სტივის დროც მოვა, მაგრამ ჯერ თქვენი წაყვანის დროა- დრიუ გოგოებს მიუახლოვდა. კეიტმა ორი წუთის წინ რაც გაიფიქრა, ინანა. “ეშმაკმა დალახვროს ამის გარეგნობა. “კივილი სცადა, მაგრამ ლილიმ შეაჩერა. დრიუსგან განსხვავებით, ხელის აწევით თავი არ შეუწუხებია, ქრისტინთან ახლოს იყო და გადაადგილებაც არ დასჭირვებია, ისე მოუჭირა ყელზე.

-მგონი აღარ გინდა შენი ბანშიის ხრიკების გამოყენება, ხომ ასეა, კეიტ? ახლა კი წავიდეთ.

-მამაშენი არაფერს არ გეუბნება, და არც ეს ვითომდა შენი მეგობარი. არაფერი არ იცი, იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს. - უთხრა ქრისტინმა, მაგრამ დრიუ არც უსმენდა, ისე სწრაფად წაიყვანა გოგოები.

მეორე დილას სტივი კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, იმისთვის რომ მიმხვდარიყო, ვინც იქნებოდა. ლოგინიდან წამოდგომა, რომ სცადა თავიც კი ვერ აწია ისეთი გამოუძინებელი იყო. გაახსენდა წინა ღამით მომხდარი, უცხო პიროვნება მის ოთახში და მისი გაურკვეველი გაფრთხილება. კარზე კი ისევ

აბრახუნებდა ვიღაც. სტივმა მეტი ვეღარ მოითმინა, ლოგინიდან წამოდგა და კარის გასაღებად დაბლა ჩავიდა.

-დილა მშვიდობისა - უთხრა სტივმა კარი რომ გააღო. მაღალი ბიჭი, რომელსაც ეცვა შავი მაისური, მის ნაღებისფერ კანს ხაზს უსვამდა და ამავდროულად, გამხდარ, მაგრამ ნავარჯიშებ ტანს უფრო გამოკვეთდა. ერთ მხარზე ზურგ ჩანთა ეკიდა, მეორე ხელით თავისი მუქი წაბლისფერი თმები ჩვეულებისამებრ უფრო აიჩეჩა, თავისი დაბერილი ტუჩები გამობზიკა და სტივს დაეჭყანა.

-შენ ჯერ მზად არ ხარ? გვაგვიანდება ისე, რომ იცოდე.

-მადლობა ინფორმაციისთვის ნიკ, ახლა კი უბრალოდ მოკეტე და დამელოდე-უპასუხა სტივმა და მოსამზადებლად ისევ ოთახში დაბრუნდა. ხელში რა ზედაც მოხვდა, დაუფიქრებლად გადაიცვა. ჩანთა აიღო და დაბლა ჩავიდა. სულ არ იყო სკოლის ხასიათზე, მითუმეტეს,როცა გამოცდა ჰქონდა. მაგრამ ღამე მომხდარი ისევ თვალწინ რომ დაუდგა, გამოცდა მალევე გადაავიწყდა. ოთახიდან რომ გამოვიდა, ნიკი ისევ კართან იცდიდა. სახლიდან ისე გავიდნენ, რომ სტივმა არ იცოდა მოეყოლა თუ არა ნიკისთვის მომხდარი. დიდხანს ჩუმად იყვნენ, ბოლოს კი სიჩუმე ნიკმა დაარღვია.

-სტივ, ხომ გახსოვს სამი დღის მერე რომ ზღვაზე მივდივართ? ვანესსაც იქნება-ნიკმა სტივს გაუღიმა და მკლავი მიარტყა. მას ეს ამბავი დავიწყებული ჰქონდა. და ვანესსა. მასზე რომ გაიფიქრა, გაეღიმა. დიდი ხანია მოსწონდა ვანესსა, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა ჯერ. არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა მას, როცა მისი გრძნობების შესახებ გაიგებდა. მაგრამ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ ზღვაზე გამოუტყდებოდა. სტივი კლასში შევიდა თუ არა,მაგიდისკენ გაეშურა, ჩანთა იქვე მიაგდო და ჩამოჯდა. ბევრი მეგობარი არ ჰყავდა. ბავშვობიდანვე მოყოლებული ნდობის პრობლემა ჰქონდა და ნიკის გარდა არავის არ ენდობოდა. ყველასთან დისტანციას იჭერდა და ამიტომ ბოლომდე ახლოს არავის იკარებდა. სტივმა ვანესას გახედა, რომელიც ახლა შემოდიოდა კლასში. გოგომ შენიშნა, რომ სტივი მას უყურებდა და გაუღიმა. შემდეგ მასთან მივიდა და ალერსიანი ხმით მიესალმა. სტივმა შენიშნა, რომ გოგოს დღეს თმები გაეშალა და მისგან ისევ ის ვარდის სურნელი იგრძნობოდა.

-კარგად გამოიყურები.

-მადლობა სტივ - გოგომ გაუღიმა და თმა ხელით უკან გადაიწია.

მისტერ როჯერსი, მოსწავლეებს მიესალმა და კარი მიხურა. ჩანთიდან დაუყოვნებლივ გამოცდის ფურცლები ამოიღო და კლასში დაარიგა. სტივმა,

კითხვებით სავსე ფურცელს ერთხანს უყურა, შემდეგ წერა დაიწყო და მალევე დაამთავრა. მასწავლებელს გამოცდის ფურცელი ჩააბარა და დერეფანში გავიდა. მისტერ ბრაუნი, რომელიც სტივისგან მოშორებით იდგა, დერეფანში მობილურ ტელეფონზე ლაპარაკობდა, სახეზე კი ოფლის წვეთები ეტყობოდა. ზღვის თემას მისტერ ბრაუნი ხელმძღვანელობდა და სტივმა გადაწყვიტა რაიმე სიახლე ხომ არ არის ვკითხავო. და მისკენ წავიდა.

-არ გესმით. ის მხოლოდ ჩემი მოსწავლეა... არა... არა მგონია მან ეს შეძლოს... კარგი- მისტერ ბრაუნმა მობილური ტელეფონი რომ გათიშა და შემობრუნდა სტივი შენიშნა -შენ მე მისმენდი? - განრისხებული ხმით იკითხა.

-მ-მე არა უბრალოდ...

-კარგი გეყოფა.

ქრისტინი და კეიტი ბნელ ოთახში იყვნენ გამოკეტილები. სკამზე ისხდნენ და ხელები დაბმული ჰქონდათ. თავიანთ თავს ვერ პატიობდნენ, იმას თუ,როგორ მისცეს დრიუს და ლილის ამის საშუალება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ის ჰქონდათ, რომ თუ უკვე მათ მიაგნეს, მაშინ უკვე იცოდნენ, სადაც იყო სტივი და სანამ ყველაფერი უარესობისკენ წავიდოდა მანამდე იქაურობას უნდა მოშორებულიყვნენ. ქრისტინი ცდილობდა ხელიდან თოკების მოხსნას, მაგრამ ვერ შეძლო და სკამთან ერთად დავარდა.

-ვიღაც მოდის- თქვა კეიტმა, როცა კარის უკნიდან ნაბიჯების ხმა გაიგონეს. კარი, რომ გაიღო ოთახში დრიუ და ჰექტორი შემოვიდნენ. ქრისტინი ძირს, რომ დაინახა, დრიუმ ააყენა და თან უთხრა -ტყუილა ცდილობ. მაინც ვერ მოიხსნი მაგ თოკებს.

-უბრალოდ მომისმინე დრიუ, ყველაფერი რაც იცი ტყუილია. არასწორ ადამიანს ენდობი- უპასუხა ქრისტინმა

-მოკეტე. შენს მშობლებს კარგად გამოუვიდათ წლების წინ, ხალხის გონების მოწამვლა, მაგრამ შენ უფლებასაც კი არ მოგცემ რომ ჩემს შვილსაც იგივე გაუკეთო. - თქვა ჰექტორმა.

-და დრიუმ იცის შენი ნამდვილი გეგმა? თუ რას გვიპირებ ჩვენ ყველას? საერთოდ სტივის შესახებ სიმართლე თუ ...- ქრისტინმა თავისი წინადადება ვერ დაამთავრა, რომ ჰექტორმა მას სილა გაარტყა და გააჩუმა. დრიუ ამ რეაქციას არ მოელოდა და

მამამისის შესახებ ეჭვებმა შეიპყრო. თვითონაც ხვდებოდა, რომ მამამისი ყველაფერს არ ეუბნებოდა, ხვდებოდა რომ რაღაცას უმალავდა.

-რატომ განაღვლებს მისი სიტყვები ასე?- ეჭვის თვალით კითხა დრიუმ.

ორი

სამი დღე იყო გასული. სტივი ყოველ ღამე კარს და ფანჯრებს ამოწმებდა, ღია რომ არ დარჩენოდა. უცნობი გოგო თითქმის დავიწყებული ჰყავდა, ამ ყველაფერს კი ინსტინქტურად აკეთებდა. დილით სტივს ადრე გაეღვიძა. დიდი ხანი იყო უკვე გასული, რაც ზღვაზე არ ყოფილა. ამიტომ გაიღვიძა თუ არა, მომზადება დაიწყო. ჩანთაში პირსახოცი და გამოსაცვლელი საცურაო კოსტიუმი ჩაიდო. შემდეგ კი შხაპის მისაღებად აბაზანაში შევიდა. წყალი რომ მოუშვა და ტანი აიქაფა, გაიგონა, რომ მობილურ ტელეფონზე ვიღაც ურეკავდა. შხაპის მიღებას რომ მორჩა და მობილური ტელეფონი შეამოწმა, უცხო ნომერი დაინახა. არც კი გაუფიქრია გადარეკვა. ტანი გაიმშრალა, წინასწარ გამზადებული ტანისამოსი ჩაიცვა, თმები გაიშრო, ბოლოს კი ჩანთა აიღო ძირიდან და სახლიდან გავიდა. ნიკის სახლთან მისასვლელად 10 წუთი დასჭირდა. კარი ნიკის დედამ მისის ჰილმა გაუღო და უთხრა, რომ ნიკს ჯერ კიდევ ეძინა და პირდაპირ ოთახში ასულიყო მასთან. ოთახის კარი რომ შეაღო, ჩანთა მიაგდო, ნიკს ზედ დაახტა და ყურში ჩაჰყვირა: „გაიღვიძე მძინარავ.“

-მოკვდი სტივ- ნიკმა თავი გაითავისუფლა და ლოგინიდან წამოდგა.

-ერთ დღეს ეგეც მოხდება, მაგრამ მანამდე ზღვა გველოდება- გაუღიმა, სტივმა და თავისთვის დაამატა - და ვანესა.

-ახლა გასაგებია, რატომაც ხარ ასეთი მხიარული დილის ამ დროს- უპასუხა ნიკმა და აბაზანაში შევიდა ხელ-პირის დასაბანად. როცა ოთახში დაბრუნდა, სტივს მიუბრუნდა და უთხრა - კარგი ამბავი მაქვს შენთვის. ჯეინს ველაპარაკე, ვუთხარი, რომ გავუვლიდით და ერთად წავიდოდით ავტობუსის გაჩერებამდე.

-და რა არის ამაში განსაკუთრებული?

-ჯეინი, ვანესასთან არის- ეშმაკურად გაეღიმა ნიკს. სტივს ეს ამბავი გაუხარდა და იფიქრა, ზღვაზე მისვლამდე გამოვუტყდებიო. სარკეში ჩაიხედა და თავისი თავი შეათვალიერა. გულახდილად რომ ეთქვა, დასაწუნი არაფერი ჰქონდა. სახის გამოკვეთილი ნაკვთები და ოქროსფერი თმა მას მიმზიდველს ხდიდა. მწვანე თვალები კი შარმსა და თავდაჯერებას მატებდა. ბოლოს თმა გაისწორა და ნიკს

შესძახა, დაუჩქარეო. სანამ სახლიდან გავიდოდნენ, ნიკი სამზარეულოში შევიდა და უკვე გამზადებული ორი სენდვიჩი აიღო. ერთი სტივს შესთავაზა, მაგრამ მან უარი უთხრა. სახლიდან, რომ გამოვიდნენ მისის ჰილმა ბიჭები შეაჩერა, მათთან მივიდა და ორი პატარა საზამთრო მიაწოდა. ნიკი დედამისს არწმუნებდა, რომ არ უნდოდათ, მაგრამ მისის ჰილმა მაინც ხელში შეაჩეჩა ბიჭებს და სახლში დაბრუნდა. როცა სენდვიჩების ჭამას მორჩა ნიკი, უკვე ვანესას სახლთან იყვნენ. ნიკმა კარზე მიაკაკუნა. სტივი კი უფრო და უფრო ღელავდა. კარი ჯეინმა გააღო და მეგობარს დაუძახა. ვანესა კართან მივიდა, მას პატარა კალათა ეჭირა.

-მე კალათასთან ერთად ვზივარ ავტობუსში- თქვა ნიკმა. დანარჩენებს კი ამ წინადადებაზე გაეცინათ. ავტობუსში ჯეინი და ნიკი ერთად დასხდნენ. ნიკი კალათას ებღაუჭებოდა და ხელს არ უშვებდა. სტივი კი ვანესასთან ერთად დაჯდა. მთელი გზა ლაპარაკის დაწყებას ცდილობდა, მაგარამ, შიში ხელს უშლიდა საუბრის წამოწყებაში. შიში, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს, მოულოდნელ დროს იჩენს ხოლმე თავს. ზოგჯერ მას ვერ უმკლავდებიან და შიში მათ გულში ფესვებს იდგამს. დღითიდღე კი მათთან ერთად იზრდება და არასდროს არ ქრება. ავტობუსი, სანაპიროს სიახლოვეს გაჩერდა. მოსწავლეები ერთდროულად ცდილობდნენ ჩასვლას, ამიტომ მისტერ ბრაუნმა შეაჩერა ყველა მათგანი და რიგში ჩააყენა. როდესაც მოსწავლეები ავტობუსიდან ჩამოვიდნენ და სანაპიროზე მოთავსდნენ, ვანესამ მაშინვე კაბა გაიხადა და ზღვაში შეცურა. სტივმა კი ჩანთიდან საცურაო კოსტიუმი ამოიღო, გასახდელში გამოიცვალა და ზღვის ნაპირზე ჩამოჯდა. ვანესას უყურებდა და მის სილამაზეზე ფიქრობდა. ბავშვობიდანვე გოგო სტივს გაფართოებული თვალებით უყურებდა. სტივს უყვარდა ვანესა როცა ასე უყურებდა. მისი წაბლისფერი თვალები ფართოვდებოდა და ისეთი დიდი ხდებოდა, შეეძლო მთელი დედამიწა დაენახა სტივს მის თვალებში. მაგრამ განსაკუთრებულად მისი თმები მოსწონდა სტივს. ბავშვობაში მოტალღო წაბლისფერი თმა ჰქონდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში თმა უფრო სწორი გაუხდა და ოდნავ გაუღიავდა. სტივი ფიქრებში იყო გაბმული, რომ უეცრად ვიღაცამ თავზე ცივი წყალი გადაასხა.

-სტივ, წამო ზღვაში- ნიკს ხელში პატარა ბავშვის სათამაშო ეჭირა, რითაც წყალი გადაასხა სტივს და თან იცინოდა. სტივი ფეხზე წამოდგა, თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია, და ნიკი ზღვაში შეაგდო. მან რამდენიმე მცდელობის შემდეგ თავი წყლიდან ამოყო და სტივს უყვირა -სულაც არაა ეს ჯენლტმენური საქციელი, რომ იცოდე- სტივს პასუხი არ გაუცია. ზღვაში შეცურა. ნიკის ნათქვამი გონებაში ექოდ ჩაესმოდა. “არაა ეს ჯენლტმენური საქციელი“ თითქოს იმავე სადღაც ჰქონდა გაგებული, მაგრამ ვერ ხვდებოდა სად. მან ამ ფიქრებით ზღვაში ღრმად გაცურა, ცოტა ხნის შემდეგ კი გაჩერდა და უკან მიიხედა. ნიკი ზღვიდან ამოსული დაინახა. ზღვის პირას

იყო და საზამთროს ატარებდა აქეთ-იქეთ. სტივს ზურგი აეწვა. მზეს ახედა. ერთხანს შეჰყურებდა. ცოტა ხნის შემდეგ კი მზემ თვალები აუწვა, თითქოს და დააბრმავა. კონტროლი დაკარგა და წყალში ჩაიძირა. წყალქვეშ გაცურვა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ვიღაცა მას ფეხზე უჭერდა და ფსკერზე მიათრევდა. წამიერად შესძლო დაენახა ვინ იყო ის. მხოლოდ ის შენიშნა, რომ გოგო იყო. საბოლოოდ სტივმა მხოლოდ ის იგრძნო, როგორ ევსებოდა ფილტვები წყლით.

მზის სხივები ტბაზე სიკაშჯაშეს იწვევდა. ირგვლივ სასიამოვნო სიჩუმე სუფევდა. სტივი თავისთვის ნაცნობ და ამავდროულად უცნობ ადგილას იმყოფებოდა. ირგვლივ არავინ არ ჩანდა. მან დააპირა ვინმე მოეძებნა და გაეგო საბოლოოდ სად იმყოფებოდა. ხეებს შორის გზა გაიკვლია. თითქოს ტბაც მას მიჰყვებოდა. როცა დაინახა, რომ ისევ იმ ადგილას იმყოფებოდა, გაჩერდა. ირგვლივ მიმოიხედა, პატარა ცვლილებაც კი ვერ შეამჩნია. სტივი ხის ძირას ჩამოჯდა და ფიქრი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი მოსწონდა და რაღაცა მას უბიძგებდა აქ დარჩენილიყო, ის მაინც ამ ადგილიდან თავის დახწევაზე ფიქრობდა. ერთხანს ასე იჯდა ხის ძირში, სანამ ტოტების შრიალი გაიგონა, სტივი დაფრთხა, წამოდგა და ხეს ახედა. ტოტზე მტრედი იჯდა. რაც უფრო მიუახლოვდა და დააკვირდა მას, შენიშნა, რომ მტრედს ხანდაზმული ქალბატონის თავი ჰქონდა.

-გამარჯობა სტივ- უთხრა მტრედმა. სტივს არაფერი უპასუხია. განცვიფრებული უყურებდა. -აქ არ უნდა იყო. აქედან რაც შეგიძლია შორს უნდა წახვიდე- განაგრძო მტრედმა, მაგრამ უეცრად ყველაფერს შავი ფერი მოედო და დაბნელდა.

-სტივ? სტივ, კარგად ხარ? - თვალები, რომ გაახილა დაინახა, რომ ყველანი მის თავთან იდგნენ და მას შეჰყურებდნენ

-რა ხდება? - ძვლივს წარმოსთქვა სიტყვები და ფეხზე წამოდგა.

-ო, ღმერთო ცოცხალი ხარ- ნიკი გახარებული ჩაეხუტა მას.

-ნიკ, დაწყნარდი და აცადე ცოტა გონს მოვიდეს- უპასუხა ჯეინმა

-კარგი მოცურავე მახსოვდი მე შენ. რა მოხდა იქ? ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა მისტერ ბრაუნმა

-მზემ თვალებში დამიბნელა და გონება დავკარგე. ახლა კარგად ვარ- უპასუხა სტივმა, მაგრამ ზუსტად ახსოვდა, რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მზემ მართლა

თვალები დაუბნელა, მას გონება არ დაუკარგავს. ის ვიღაცამ ჩაითრია ფსკერისკენ. სტივი ფეხზე წამოდგა და თვალით ნიკის ძებნა დაიწყო. ნიკი უკვე მაგიდასთან მისულიყო.

-ნიკ - აღელვებული ხმით შესძახა მეგობარს. ნიკმა მიიხედა.

-ნიკ რა გააკეთე? - გაბრაზებულები შეყვირეს გოგოებმა. ნიკს საზამთრო ხელიდან გავარდნოდა და გამსკდარიყო.

-კარგით ჯერ აქაურობის ალაგებას მივხედოთ და შემდეგ განვაგრძოთ გართობა-თქვა მასწავლებელმა

-ჰილმა თავის სიბინძურეს თვითონ უნდა მიხედოს-თქვა ერთ-ერთმა თანაკლასელმა.

-მისტერ ბრაუნ, დევიდი მართალია. ნიკი თვითონ მიხედავს ამ ყველაფერს- სერიოზული ტონით უთხრა სტივმა. მასწავლებელიც რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა და ბავშვებთან ერთად ისევ ზღვისკენ წავიდა.

-რა ჯანდაბა გჭირს? შენს გამო დამივარდა ეს წყეული საზამთრო და ახლა დევიდის მხარე დაიჭირე?

-ნიკ, რაღაც უნდა მოგიყვე და ამიტომ გავუშვი დანარჩენი- სტივმა უპასუხა და თან გახეთქილ საზამთროს პარკში ჩასაყრელად დაიხარა. ნიკი კი ჩამოჯდა და უთხრა გისმენო. სტივმა მას ახედა და არაფერი უთქვამს, ნიკი კი მიხვდა რომ უნდა დახმარებოდა მეგობარს. ამ დროს ისევ სტივის მობილურ ტელეფონმა დარეკა. რომ დახედა ტელეფონს, ისევ ის უცხო ნომერი იყო. როდესაც უპასუხა, სტივს სახეზე ტკივილი აღებეჭდა.

-არა, არ მანაღვლებს- უპასუხა ბოლოს და ტელეფონი გაუთიშა სტივმა.

-ვინ იყო? რა მოხდა? ტელეფონს, რომ უპასუხე სახეზე ფერი წაგივიდა.

-ბიძაჩემი იყო.

-რაა? - ნიკსაც ისევე გაუკვირდა, როგორც სტივს როცა მისი ხმა გაიგონა ტელეფონზე.

-დიახ, ის იყო. მამაჩემის ამბავით გამახარა. გარდაცვლილა.

-ეს... ცუდია სტივ, ვწუხვარ.

-არ გინდა, მე მაინც არ მანაღვლებს- სტივი სკამზე ჩამოჯდა. ერთხანს ცდილობდა არ გაეხსენებინა ბავშვობის პერიოდი. ბოლოს, კი პირდაპირ უამბო ნიკს ყველაფერი, სიზმრებიდან დაწყებული მომხდარი ყველაფერი.

-თითქოს მაგ დროს მართლა იქ ვიმყოფებოდე, ისე ვგრძნობ.თითქოს... - სტივმა წინადადება არ დაასრულა, ვერ წარმოედგინა მეგობარს რა რეაქცია ექნებოდა, როდესაც ეტყოდა, ისე ვგრძნობ თითქოს იმ ადგილს ვეკუთნოდეო.

-სტივ- წამიერად ნიკის გამომეტყველება შეიცვალა, სტივმა ამას თვალი მოჰკრა, თუმცა ვერ მიხვდა, რამ გამოიწვია ცვლილება. -სიზმრები. მეც ვნახე რამდენიმე დღის წინ ზუსტად იგივე. მეც იგივე ვიგრძენი თითქოს იქ ვიყავი. ისეთი ლამაზი ადგილი იყო, რომ შემეძლოს იქ დავრჩებოდი ალბათ. ფოთლების სუნს ვგრძნობდი. თბილი ქარის ნიავი როგორ ეფერებოდა ჩემს სხეულს ვგრძნობდი. მაგრამ შემდეგ... ყველაფერი დაბნელდა. - ნიკმა მოყოლა შეწყვიტა, რომ სული მოეთქვა -თითქოს ვიღაცები ან რაღაცები, არ ვიცი როგორ ავხსნა. მოკლედ გამომეკიდნენ. არ უნდოდათ, რომ იქ ვყოფილიყავი. შემდეგ კი გამომეღვიძა.

დრიუ თავის ოთახში ლოგინზე იყო წამოწოლილი, როცა ლილი მასთან შევიდა.

-სად არიან?

-არ ვიცი.

-რატომ გაათავისფლე? ხომ იცი, რომ პრობლემას შეგვიქმნიან.

-ვიცი, რომ რაღაცებს მიმალავთ. რაღაცას ბოლომდე არ მიყვებით.

-დროა მეორე ბიჭსაც მივხედოთ. - ოთახში ჰექტორი შემოვიდა.

დრიუ ლოგინიდან წამოდგა, რამდენიმე წრე დაარტყა ჰექტორის ირგვლივ, ბოლოს გაჩერდა და თვალი თვალში გაუყარა.

- რას მიმალავ სტივის შესახებ?- იკითხა მან.

-ჯერ დრო არ არის დრიუ, ამ სისულელეებისთვის არ გვცალია. - თქვა ლილიმ.

-სანამ არ მეტყვით სიმართლეს, მანამდე ხელსაც არ გავანძრევ თქვენთვის.

-შენ და სტივი. თქვენ იმაზე დიდი საერთო გაქვთ, ვიდრე ფიქრომ. იმ გოგოს მშობლების გამო წარსული არა, მაგრამ ჩემი მეშვეობით მომავალი მაინც გაკავშირებთ.

-რისი თქმა გინდა? - დრიუს ვერაფერი გაეგო მამამისის ნათქვამიდან.

სამი

თერთმეტი წლის განმავლობაში სტივს მამობას მხოლოდ მისტერ ივენსი უწევდა. მხოლოდ ექვსი წლის იყო მაშინ,როდესაც სახლიდან გაიპარა და მისტერ ივენსმა მიიღო ის თავის სახლში და მასზე ზრუნვა დაიწყო.მამამისს ის სულ არ ანაღვლებდა, ამიტომ თავიც არ შეუწუხია მის საძებნელად.მისტერ ივენსი კი მარტოხელა კაცი იყო და გარშემომყოფებს სტივი ნათესავად გააცნო,რომელსაც მშობლები ავარიაში ჰყავდა დაღუპული და ამის შემდეგ მასთან იცხოვრებდა.მის შესახებ სიმართლე მხოლოდ ნიკმა იცოდა.გასული წლის ზაფხულს კი ის გარდაიცვალა და სტივზე ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა.იმ დღიდან მოყოლებული სტივი მარტო ცხოვრობდა ამ სახლში.მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი მას კანონიერად ერგო. ბიძამისის ზარმა სტივი აიძულა კვლავ წარსული გაეხსენებინა.მეტისმეტად მძიმე იყო გონებაში წამოტივტივებული მოგონებები.ის წლები ბუნდოვნად ახსოვდა, მაგრამ მამის მკაცრი ხასიათი და მასთან ბოლო მოგონება ნათლად ედგა თვალწინ.სტივს ბევრი არ უფიქრია წასულიყო თუ არა გასვენებაში.ძველი სახლის ნახვა,ძველი მოგონებების უფრო გაღვივება არ უნდოდა,ამიტომ პირდაპირ სკოლაში წავიდა.

-შენ მართლა არ აპირებ წასვლას?- ნიკს გაუკვირდა სტივის სკოლაში დანახვა

-არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი.

-კი,მაგრამ იმის გაგებაც არ გსურს თუ როგორ მოხდა?

-ნიკ უბრალოდ გთხოვ,შეეშვი ამ ამბავს...არ მაინტერესებს.

ნიკს აღარაფერი უპასუხია,მხრები აიჩეჩა და სტივის გვერდით ჩამოჯდა. -მისტერ ბრაუნი აგვიანებს.უცნაურია- თქვა ნიკმა.

-კი ნამდვილად უცნაურია- სტივმა უემოციოდ უპასუხა.სტივი თავს ებრძოდა,რომ ფიქრებში არ წასულიყო.ფიქრებში დამალული წარსული მას ეძახდა,სტივს კი არანაირი სურვილი არ ჰქონდა ხელახლა ექვსი წლის ბავშვად ეგრძნო თავი.

-გამარჯობა - მისტერ ბრაუნს ხმაშიც ისევე ეტყობოდა დაძაბულობა,როგორც სახეზე.კარი დახურა და თავის მაგიდასთან დადგა. -დღეს მინდა განსხვავებული რამ გავაკეთოთ. დავხატოთ- ჩანთიდან რამდენიმე ფურცელი ამოიღო და კლასში

დაარიგა. სტივს კი ცარიელი ფურცლის ნაცვლად ნახატი დაუდო -შენ კი,სტივ, უბრალოდ იპოვე სურათს რა აკლია და დაამატე.

-მართლა უნდა დავხატოთ? რამდენი წლის ვართ,ხუთის?- იკითხა ჯეინმა

-თუ არ გსურთ შეგიძლიათ კლასი დატოვოთ.

ჯეინს არაფერი უპასუხია,უბრალოდ ამოიოხრა და ცარიელ ფურცელს ჩააშტერდა. სტივმა ნახატს დახედა.თეთრ ფონზე თეთრი მელია იჯდა.მწვანე თვალებით სტივს უყურებდა.ყელზე წვრილ თვლებიანი ყელსაბამი ეკეთა.სტივს ამის დანახვაზე გაეღიმა.სურათს უფრო და უფრო ათვალიერებდა. ვერ გაეგო ასეთი უცნაური რამ რატომ სთხოვა მისტერ ბრაუნმა, მაგრამ არაფერი უკითხავს.უბრალოდ სურათს აკვირდებოდა და ეძებდა რა აკლდა.მელიას თითქოს სევდიანი გამოხედვა ჰქონდა და მას რაღაცას სთხოვდა.

-ვა,უკუდო მელია - ნიკს გაეცინა სტივის ნახატს რომ დახედა.სტივი კი მიხვდა, რაც უნდა გაეკეთებინა.ის კალამს ნახატის ირგვლივ ატრიალებდა და რაღაცებს ხატავდა.თან მელიას თვალებში უყურებდა, ისევ უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს ის ცდილობდა რაღაცის თქმას მისთვის.სტივს თვალწინ დაუდგა ბოლო მოგონება მამამისთან.

-სტივ,აქ იყავი,არ გამოხვიდე აქედან.

-შენც არ წახვიდე,აქ იყავი ჩემთან, გთხოვ.

-მე უნდა წავიდე,უნდა დავაწყნარო,ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავატანინო.სანამ მე არ მოვალ, არ გამოხვიდე აქედან- უთხრა დედამისმა და ოთახში საწოლის ქვეშ დამალა სტივი,თვითონ კი ოთახიდან გავიდა.სტივი კი ტიროდა და ცდილობდა ხმადაბლა ყოფილიყო,რომ მამამისს მისი ხმა არ გაეგო.

-არ გინდა, გაჩერდი.არაა მანდ.აგიხსნი ყველაფერს-ამბობდა დედამისი.

მამამისმა ოთახის კარი ფეხის კვრით გააღო. სტივი კი უფრო ატირდა,მაგრამ პირზე ხელი მიიდო და გაჩუმება სცადა.

-აქაა ხომ ეგ პატარა ნაბიჭვარი? გამოდი სადაც ხარ, მე თუ გიპოვე, უარესი მოხდება.

სტივს ეშინოდა.საწოლის ქვევიდან გამოსვლა დააპირა, როდესაც ყველაფერი ერთბაშად მოხდა.დედამისი,მამამისს გადაეღობა და შეწინააღმდეგება სცადა.მამამისმა კი მას ხელი ჰკრა და ძირს დააგდო.დედამისმა თავი ლოგინის გვერდითა მაგიდას მიარტყა.სტივი კი უფრო და უფრო ატირდა. დედამისმა

მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ანიშნა,რომ წასულიყო,გაქცეულიყო.მამამისმა კი ზედაც არ შეხედა დედამისს, განაგრძობდა სტივის სახელის ძახილს, მაგრამ მალევე დაიღალა და ოთახიდან გავიდა. სტივმა კი დრო იხელთა და ნელა გამოვიდა სამალავიდან, შემდეგ კი სირბილით მივიდა კართან და სახლიდან გავიდა.გარბოდა მანამ,სანამ არ დაიღალა.ბოლოს გაჩერდა და იფიქრა, ვეღარ მომაგნებს უკვეო.სახლიდან საკმაოდ შორს იყო.ისევ სირბილი გადაწყვიტა,რაც უფრო შორს წავიდოდა, უკეთესი იყო მისთვის.გარბოდა, სანამ უცხო კაცს არ შეეჯახა.

-ეი,ეი შეჩერდი აბა პატარა ბიჭო-უთხრა მისტერ ივენსმა -რას აკეთებ ამ დროს ქუჩაში? და რატომ სტირი?

-დედაჩემი,დედაჩემი-სტივმა სიტყვები ძვლივს ამოღერღა და მეტის თქმა ვეღარ მოახერხა, ისე ატირდა.მისტერ ივენსმა კი ის ჩაიხუტა.

-სტივ? რას შვრები?

-რა? - სტივი დაიბნა ნიკის კითხვაზე

-ნახატი. ერთ ადგილას უტრიალებ კალამს.უბრალოდ დახედე.

სტივმა ნახატს დახედა.წარსულის ფიქრებში დაკარგულმა მელიას ერთი კუდის ნაცვლად ცხრა კუდი მიახატა.ამჯერად კი მელიას თვალები უფრო ბრწყინვალე გამხდარიყო.

-მე უბრალოდ... არ ვიცი.-სტივს არ ჰქონდა არანაირი ახსნა ამაზე, უბრალოდ გონებაში ამოტივტივებულ მოგონებებში იყო იმ დროს და ვერც კი აცნობიერებდა რას აკეთებდა.

-მგონი მოგიწევს მისტერ ბრაუნს აუხსნა- უთხრა ნიკმა,როდესაც შეამჩნია რომ მისტერ ბრაუნი მათკენ მოდიოდა. სტივმა კი არ იცოდა, მასწავლებლისთვის რა ეპასუხა.

-აბა სტივ შემახედე- მისტერ ბრაუნმა ნახატს დახედა და თვალები გაუბრწყინდა -მშვენიერია.იდეალური. ყოჩაღ სტივ.

-ჩემს ნახატსაც ხომ არ დახედავდით?-ჰკითხა გაკვირვებულმა ნიკმა

-აუცილებლად, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.ახლა კი ყველამ ფურცლები მაგიდაზე დამიწყეთ,შემდეგ კი თავისუფლები ხართ.

ყველანი ერთდროულად ადგნენ და ფურცლები მაგიდაზე დადეს.სტივმა და ნიკმა კლასიდან გასვლისას შეამჩნიეს,რომ მისტერ ბრაუნმა სტივის ნახატი ცალკე დადო.

-სტივ ეს ყველაფერი უცნაურად არ გეჩვენება? თან დროზე ადრეც გამოგვიშვა.ეს ხომ მისტერ ბრაუნია ასეთ რამეს არასდროს არ აკეთებს ხოლმე.

-ცოტა არ იყოს და კი.- სტივს მართლაც ვერ გაეგო მთელ კლასში მარტო მას რატომ მისცა მისტერ ბრაუნმა ნახატი და რატომ გაუხარდა, როდესაც სტივმა უაზროდ მიახატა კუდები მელიას?

-აქეთ მოდი- უთხრა ნიკმა - მოუსმინე.

-კი ... ისე დაახატა,როგორც გინდოდათ... არა არაფერი არ იცის ჯერ.

სტივმა კლასში შეიხედა,მისტერ ბრაუნი ისევ ტელეფონზე ლაპარაკობდა.

-ეს რამეს უნდა ნიშნავდეს არა სტივ?

-მგონი კი.

-ვფიქრობ უნდა დაველაპარაკოთ და გავარკვიოთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი.

-დღეს არა ნიკ.მეჩქარება.

-სად?

სტივს არაფერი უპასუხია,მიუხედავად იმისა,რომ მასაც აინტერესებდა მისტერ ბრაუნის ამ ბოლო პერიოდში გამოწვეული უცნაურობები რას ნიშნავდა,მითუმეტეს დღევანდელი ნახატის შესახებ უფრო ინტერესი კლავდა მას,ახლა ამ ყველაფრის გაგება არ სურდა,მისი გონება სულ სხვაგან იყო და ფიქრები კარნახობდნენ მისამართს,სადაც ახლა უნდა ყოფილიყო.სკოლიდან გავიდა თუ არა პირველივე გაჩერებაზე ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უთხრა. „ყოჩაღ,დღემდე ინახავს შენი გონება იმ წყეულ მისამართს,რომლის დავიწყებაც გინდა“ გაიფიქრა სტივმა. მგზავრობამ ისე სწრაფად ჩაიარა,რომ სტივს გაუკვირდა.ბავშვობაში განვლილი ეს მანძილი ისე დიდად ეჩვენებოდა, მხოლოდ ახლაღა შეამჩნია,რომ მანქანით სულ რაღაც თხუთმეტი წუთის სავალი იყო და მეტი არა.მძღოლს ფული მიაწოდა და მანქანიდან ჩავიდა.მის წინ იყო ლამაზი სახლი,რომელსაც გარშემო ბაღი ერტყა, სავსე სხვადასხვა ჯიშის ყვავილებით. სტივმა გაიფიქრა რა მშვიდი და ლამაზი ადგილი არისო და კვლავ გაახსენდა ბავშვობის პერიოდი. სახლში რომ შეაბიჯებდი, სიმშვიდის ნატამალი როგორ აღარ რჩებოდა და მიხვდა,რომ ადამიანს ერთი შეხედვით თავისუფლად გაუჩნდებოდა მცდარი აზრი.სტივი სახლის მოპირდაპირე

მხარეს იდგა და შორიდან უყურებდა ხალხის სიმრავლეს,რომლებიც სახლში შედიოდნენ და გამოდიოდნენ.მის გვერდით მდგარ ხეს მიეყრდნო და ჩაფიქრდა.მიუხედავად იმისა,რომ უარყოფდა და ამბობდა არ მაინტერესებსო,დღეს მიხვდა რომ აინტერესებდა თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი.აინტერესებდა ის კაცი,რომელიც ამდენი წელი სძულდა, როგორ გარდაიცვალა.გონებაში თეორიებს ქმნიდა,მის სიკვდილზე.“იქნებ ბევრმა სმამ გამოიწვია? ორგანიზმა მეტი ვეღარ აიტანა და მოკვდა.ან იქნებ ისევ რაიმე ჩხუბში გაეხვია და მისთვის ცუდად დასრულდა?“ ფიქრებში დაკარგული სტივი ნაცნობი ხმის გაგონებამ გამოაფხიზლა.

-როგორ გაზრდილხარ.

-მისტერ რობერტს?- სტივის ხმაში იგრძნობოდა,რომ მთლად დარწმუნებული არ იყო.

-სწორია სტივ,ჯეიმზი ვარ.- უპასუხა კაცმა.ნაცნობი კაცის დანახვა სტივს გაუხარდა და ჩაეხუტა. ჯეიმზი მისი მშობლების მეგობარი იყო და ხშირად მიდიოდა მათთან.სტივს მისი მოსვლა ყოველთვის უხაროდა და მოუთმენლად ელოდა ხოლმე შემდეგ შეხვედრას.

-არ მოველოდი თქვენს ნახვას,მაგრამ ძალიან გამიხარდა.

-მეც ასევე დიდად მოხარული ვარ,რომ გნახე.-გაუღიმა კაცმა - აქ რატომ დგახარ? ვინმეს ელოდები?

-არა,მე უბრალოდ... არ ვაპირებ იმ სახლში შესვლას. -სტივმა ისე უპასუხა ,ჯეიმზისთვის თვალებში არ შეუხედავს

-ვხვდები შენთვის რთული იყო მომხდარი, მაგრამ ის მაინც ხომ მამაშენი იყო, სტივ? ჩემი აზრით, არ იმსახურებს იმას,რომ სიკვდილის შემდეგაც ისევე გძულდეს,როგორც მის სიცოცხლეში.

-არც დედაჩემი იმსახურებდა იმ ყველაფერს და არც მე.

-ის მაინც თუ იცი,როგორ გარდაიცვალა?

-არა. ბიძაჩემმა,რომ დამირეკა მოყოლის საშუალება აღარ მიმიცია.არ მაინტერესებდა.

-და ახლა?

სტივს აინტერესებდა, ახლა უკვე აინტერესებდა თუ როგორ მოხდა,მაგრამ არ უპასუხა კაცის კითხვაზე.ჯეიმზს კი გაეღიმა.

- ავარიაში მოყვა,მაშინ,როცა შენთან მოდიოდა. შეიძლება აზრი არ შეგიცვალოს არაფერმა,მაგრამ ...

- ერთი წამით. ჩემთან მოდიოდა? ხომ არ გეშლებათ? -სტივმა ვერ დამალა თავისი გაოცება

- დიდი დრო დასჭირდა მამაშენს,იმისთვის,რომ გაეგო შენი ადგილი.ხომ ხვდები,პოლიციაში ვერ მივიდა.ირგვლივ არავინ ჰყავდა, ვინც გვერდში ედგა, და დაეხმარებოდა, მარტოს მოუწია ამ ყველაფრის გაკეთება. - მისტერ რობერტსი დაფიქრდა,თვალები მოჭუტა -უცნაურიც კი იყო,იმ დღის შემდეგ შენი სახელი ნახსენებიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში,მერწმუნე, შენს გარდა აღარავისზე ფიქრობდა. თითქოს მისია ჰქონოდეს შესასრულებელი.მოკლედ, როცა შენი მისამართი გაიგო, პირდაპირ ჩაჯდა მანქანაში და გზას დაადგა. სამწუხაროდ,სანამ შენთან მოაღწია, მანამ გზად ერთ მანქანას შეეჯახა.

-ნასვამი იყო ხომ? -იკითხა სტივმა,მისტერ რობერტსმა კი მხოლოდ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია -მეორე მანქანის მძღოლი?

-ოჯახით იყო.სამწუხაროდ ვერც ერთი მათგანი ვერ გადარჩა.

-როგორ არ მიკვირს. მის დალევას ყოველთვის ვიღაცა უნდა შეეწიროს - სტივი ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო, მაგრამ სიბრაზეს ვერ მალავდა.ამ ისტორიამ ისევ ბავშვობაში დააბრუნა და ახლა უფრო მეტად სძულდა მამამისი. მისტერ რობერტსმა სტივს ურჩია, რომ შესულიყო სახლში ბოლოჯერ. ენახა ბიძამისი და ბებიამისი, ბოლოს კი უთხრა, რომ მისი ნახვა გაუხარდა და თავისი ნომერი მისცა, თუ რამე დაგჭირდება დამირეკეო. სტივს ტირილის ხმა მოესმა,ისეთი ტირილის ცოტაც და ყვირილს დაიწყებსო გაიფიქრა. ისევ სახლისკენ გაიხედა,საიდანაც ხმა ისმოდა. სახლთან ახალგაზრდა ლამაზი გოგო იყო გრძელი ქერა თმით,მზის სხივები კი უფრო მბზინვარეს ხდიდა მის თმას,გოგო სახლის წინ დამდგარიყო და ტიროდა,ხალხი კი თითქოს მას ვერ ამჩნევდა,ისე გამოდიოდნენ სახლიდან. სტივმა ხელები ყურებზე დაიფარა.თავის ტკივილი იგრძნო. ერთხანს ისევ გოგოს უყურებდა, გაიფიქრა გამოველაპარეკებიო,ბოლოს კი გადაიფიქრა და პირველივე გამოჩენილ ტაქსში ჩაჯდა. გზაში ფიქრობდა,მისტერ რობერტსის მონაყოლს მამამისის შესახებ.მასაც ისევე ეუცნაურა ის ფაქტი,რომ ერთ დღესაც მამამისმა გაიღვიძა და მისი მოძებნა სცადა,როგორც მისტერ რობერტს. სტივი ეჭვებმა და კითხვებმა მოიცვა. მამამისის ხასიათი ზუსტად ახსოვდა და იცოდა,თუ მისი პოვნა და უკან დაბრუნება ისურვა ეს მის მიმართ სიყვარულისთვის არ გააკეთებდა. ხვდებოდა,რომ მას რაღაც უნდოდა სტივისგან,მაგრამ არ იცოდა რა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ

მამამისს შეეძლო,რომელიც უკვე მკვდარი იყო. სტივმა გზაში ნიკს დაურეკა და სთხოვა სკოლასთან შეხვედრა,რათა გაერკვიათ ნახატის შესახებ მეტი დეტალი.

-სად იყავი? - ჰკითხა ნიკმა,როდესაც სკოლის შესასვლელში იყვნენ.

-გასვენებაში.

-ვიცოდი, ვიცოდი,რომ წახვიდოდი - ნიკმა ნიშნის მოგებით გაუღიმა.

- ნიკ,შეხედე - სტივმა კლასის კარის სახელურზე მიანიშნა,საიდანაც პატარა მოწითალო ლაქა მოჩანდა.

-ეს რა უბედურებაა? - ნიკმა ცნობისმოყვარეობით იკითხა და კარი შეაღო - ღმერთო ჩემო. - ნიკი,სასწრაფოდ უკან გაიწია და სტივს შეეჯახა. სტივი ვერ მიხვდა,ნიკი რამ გააოგნა და ოთახში შევიდა. ისიც ისევე გააოგნა ნანახმა,როგორც ნიკი. ყველაფერი ისე წესრიგში იყო თითქოს არაფერი მომხდარიყო,მაგრამ სტივი და ნიკი მოღუშულები მისჩერებოდნენ მასწავლებლის მაგიდას,რომელიც სისხლით იყო მოსვრილი.

- უნდა წავიდეთ. - უთხრა ბოლოს სტივმა

-არა, დაიცა. იქ თითქოს რაღაც არის - ნიკმა მაგიდისიკენ გაიშვირა თითი და მიუახლოვდა - ახლა გული ამერევა.

სტივი მეგობარს გაკვირვებული მისჩერებოდა,მაგრამ ნიკმა არაფერი უპასუხა ისეთი სახით იდგა,სტივი მიხვდა,ბიჭი თავს ძლივს აკონტროლებდა მართლა,რომ არ არეოდა გული, გადაწყვიტა თვითონვე ენახა და ადგილს მიუახლოვდა.სტივს სახეზე ფერი დაეკარგა,დანახულმა სუნთქვა შეუკრა. მაგიდის ქვეშ ადამიანის სხეული ეგდო,რომელსაც მუცელი გამოფატრული ჰქონდა და სისხლის გუბეში იწვა.

-ღმერთო,ეს ხომ მისტერ ბრაუნია?

-ახლა კი,ნამდვილად უნდა წავიდეთ და ვინმეს ვაცნობოთ. - სტივმა,ნიკს ხელი მოჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა,ვიდრე გავიდოდნენ მან შეამჩნია,რომ მაგიდაზე ისევ ეწყო მოსწავლეების დახატული ფურცლები,გარდა თავისა.

მისტერ ბრაუნის ამბავმა მთელი სკოლა შეძრა.დირექტორმა კი, სანამ პოლიცია დაასრულებდა თავის საქმეს სკოლაში,მანამდე ბავშვებს დასვენება გამოუცხადა. უმეტესობას ეს ამბავი გაუხარდა კიდეც, სტივმა კი არ იცოდა რა ეფიქრა და ეგრძნო. იმ დღეს სტივს ორი კითხვა აწუხებდა : პირველი ის, თუ რა სურდა მამამისს

მისგან.მეორე კი- ნახატის შესახებ იყო. ორი კითხვა და პასუხი მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლო გაეცათ,ვინებიც უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები.

-ღვიძლი აკლდა,გაიგე? - ნიკმა,სტივს გადაუჩურჩულა დაკრძალვის დღეს.

-რა?

-გამოფატრული რომ ჰქონდა მუცელი. ყველა ორგანო ადგილზე ჰქონია,გარდა ღვიძლისა. როგორი უცნაურიც იყო,ისე უცნაურადაც მოკვდა.

სტივს პასუხი არ გაუცია.ნიკზე გაბრაზდა,რადგან ის სცენა ისევ თვალწინ დაუდგა.სისხლის გუბეში მოცურავე სხეული.

ბოლო პერიოდში მომხდარ უცნაურობებზე ფიქრი სტივს მოსვენებას არ აძლევდა. დაკრძალვიდან სახლამდე ისე გაიარა გზა, ვერც კი შეამჩნია რომ მას უცხო ადამიანები უთვალთვალებდნენ. ქურთუკის ჯიბიდან სახლის გასაღები ამოიღო და საკეტი გადააბრუნა. სტივმა იგრძნო, მის ზურგს უკან ვიღაც იდგა და მისკენ მიტრიალდა.

-ვანესსა? აქ რა გინდა? - გოგოს მოულოდნელი ვიზიტი სტივს გაუკვირდა და ამავდროულად ესიამოვნა კიდეც.

-დაკრძალვაზე ზედმეტად მოწყენილი და განერვიულებული ჩანდი. - სტივმა შეამჩნია გოგოს სახეზე აღბეჭდილი მწუხარება - უბრალოდ მაინტერესებს, ხომ კარგად ხარ, სტივ?

-კი, კარგად ვარ ვანესსა - ბიჭმა გოგოს მთელი გულით გაუღიმა.

-ხომ ხვდები,შენ და ნიკმა ისეთი რამ დაინახეთ რაც არ უნდა გენახათ. ალბათ რა საშინელი სანახაობა იყო, ვერც კი წარმომიდგენია.

-კი, ნამდვილად საშინელი სანახაობა იყო მაგრამ კარგად ვარ. - ვანესსა,მას მიუახლოვდა, ბიჭს ლოყაზე აკოცა და გაუღიმა.

-ვანესსა, ხომ არ შემოხვიდოდი, რამე დაგველია,ცოტა გველაპარაკა - ბიჭმა სიტყვები ძვლივს მოუყარა თავი და უთხრა გოგოს,როდესაც შეამჩნია წასასვლელად ემზადებოდა. გოგომ გაუღიმა და ბიჭს, დათანხმდა. სტივმა კარი შეაღო და ვანესსას გზა დაუთმო, შემდეგ კი თვითონაც სახლში შევიდა და კარი დახურა. ვანესსამ ჩანთა საკიდზე ჩამოკიდა და დივანზე წამოჯდა, სტივი კი სამზარეულოში შევიდა წყლის ასადუღებლად. უცბად ორივემ ყვირილის ხმა გაიგონეს. ხმა არც ისე შორიდან მოდიოდა, ყველაფერი სახლის წინ ხდებოდა.

-სტივ, სტივ რა არის ეს? - ვანესსამ ხელები ყურებზე დაიფარა. აუტანელი ყვირილის ხმა ისმოდა. სტივი სამზარეულოდან გამოვიდა და ვანესსას დახედა. გოგოს სახეზე ტკვილი აღებეჭდა. სტივიც იმავე ტკივილს გრძნობდა, რასაც გოგო. მანაც ხელები ყურებზე დაიფარა, ეცადა ხმა არ გაეგონა, მაგრამ შეუძლებელი იყო. იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა და რა იწვევდა ამხელა ხმას, სტივი კართან მიიჭრა და გამოაღო. მან თვალებს ვერ დაუჯერა. ერთბაშად დაეუფლა შიში და ნერვიულობა. მის წინ იდგა გოგო. გოგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავის სახლთან და ბოლოს თავის ოთახში დაინახა. გოგო მას უცქერდა. ნელი ნაბიჯებით უკან დაიწია სტივი, მაგრამ გოგოს ისევ თვალებში უყურებდა.

-სტივ? - ვანესსა, რომელიც ვერაფერს მიმხვდარიყო, შეშფოთებული სახით შესცქეროდა ბიჭს.

-დარწმუნებული ხარ, რომ აუცილებელია მისი გარდაქმნა ? - იკითხა ბიჭმა.

- ის, ჩვენ გარდაქმნილი გვჭირდება, დრიუ. და სანამ დანარჩენებთან მივიყვანთ, მანამდე უნდა გარდავქმნათ. უკვე დროა.

სტივმა თავს ძალა დაატანა,რომ თვალები გაეხილა. მწვავე თავის ტკივილს გრძნობდა და ძალა გამოცლილი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს თვალების ოდნავ გახელა მოახერხა. თავზედ უცხო გოგო და ბიჭი წამოსდგომოდნენ, რომლებიც აქამდე თვალით არ ჰყავდა ნანახი. ეცადა ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ ამისთვის ძალა ვერ მოიკრიბა.

-მგონი გონს მოვიდა - ბიჭი, მისკენ დაიხარა.

- ხოდა ახლა მშვენიერი დროა.

სტივმა დააპირა ეკითხა, რა ხდებოდა მაგრამ პირის გაღება და კითხვა ვერ მოახერხა.

-დროა შენი ოჯახისთვის რაღაც გააკეთო სტივ - უთხრა გოგომ და გაუღიმა - აი სტივ, დალიე, მოგწყურდებოდა. - გოგომ მას სითხით სავსე თასი მიაწოდა. სტივს გაუხარდა, რადგან პირი ნამდვილად უშრებოდა. გოგომ, თასი პირთან მიუახლოვა და დალევაში დაეხმარა. სტივმა პირველივე წვეთი გადაყლაპა თუ არა იგრძნო მჟავე, რკინის გემო. როცა გაიაზრა, რომ ეს წყალი არ იყო, გაჩერება სცადა, მაგრამ გოგო ისეთი ძალით იჭერდა მას და ალევინებდა, რომ გაჩერება ვერ შეძლო. როცა

უკვე ერთი თასი სისხლი სრულად დაალევინეს ძალით, გულის არევის გრძნობა დაეუფლა.

-მაპატიე სტივ - უთხრა ბიჭმა. სტივმა ვერაფერი ვერ გააცნობიერა, ყველაფერი წამებში მოხდა. ბიჭმა ჯიბიდან დანა ამოიღო და ყელზე გადაუსვა. ტკივილი არ ყოფილა ის, რაც მან ბოლოს იგრძნო. ის მხოლოდ იმას გრძნობდა თუ როგორ ეცლებოდა ორგანიზმიდან სისხლი. ბოლოს რისი დანახვაც მოასწრო იყო, უცხო ბიჭის მწუხარებით სავსე თვალები.