შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა...

33
შემოვალ ეტლით რეანიმაციაში სასუნთქ აპარატზე დიდხანს ყოფნამ თავისუფლად სუნთქვის ფასი მასწავლა. 6 თვე გაუნძრეველი წოლისას მივხვდი, რა ბედნიერებაა ადგომა. თუმცა ფეხებს ვეღარ დავეყრდენი და ეტლის ბორბლებით დავუბრუნდი გარესამყაროს. ქვეყანა დაიყო პანდუსებად და საფეხურებად. აქტიურობა ყოველთვის მიყვარდა, მალე ვიპოვე გზა საინვალიდო მოძრაობაში, დავუმეგობრდი ეტლით მოსარგებლეებს. ქვემოდან ზევით ყურებას მივეჩვიე. ხშირად მიწევდა ადამიანთა შეუგნებელ სიბრალულთან შეხლა. დედაქალაქი აღარ ისხამდა უპატრონობის დაკონკილობას. სიმშვიდე სუფევდა ქუჩებში, წარსულს შერჩენოდა შიშნარევი საღამოები და სიბნელე. სიცოცხლეს მეტი ფასი დაედო. ლექსების თხზვა ბავშვობაშიც მომწონდა, ეტლმა დამიბრუნა წერის სურვილი. ტელეფონით წავუკითხე თიკოს, ლამაზ გოგოს, ლამაზი ეტლით მორბენალს, ახალი ლექსი: „მეც ავფრინდები”. მომიწონა... მეც გავაგრძელე წერა. მეორე ლექსმა, „შემოვალ ეტლით” ინტერნეტში დიდი მოწონება დაიმსახურა. ინვალიდის ეტლი მრავალგვარი არსებობს: მობილური, სწრაფი, ეტლის ჯიპი”, ეტლი ფერარი”, ხუმრობით ვარქმევთ ამ სახელებს. მობილური ეტლით კარგი მესაჭე კიბეზეც ადის. მე ჯიპეტლში ვიჯექი და ზარმაცა გამოვდექი. სულ სხვებს ვთხოვდი: „გამაგორეთ, გამაგორეთ”. ბედნიერება მავსებდა საწოლის ტყვეობიდან გაქცეულს. მზე კაშკაშებდა, თავს დამნათოდა, ფანჯრიდან აღარ ვუცქერდი. მანქანის საჭესაც დავუბრუნდი. ჩვენს ქალაქში ცოტაა ინვალიდობის მქონე მძღოლი. მერიამ აღრიცხვაზე ამიყვანა და ამაყად მივაკარი ადაპტირებულ სადგომზე მანქანის დაყენების ნებართვა. გაჩერებაზე ნებისმიერ გამვლელს ვუხმობდი:

Upload: others

Post on 10-Mar-2020

33 views

Category:

Documents


5 download

TRANSCRIPT

Page 1: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

შემოვალ ეტლით

რეანიმაციაში სასუნთქ აპარატზე დიდხანს ყოფნამ თავისუფლად სუნთქვის ფასი

მასწავლა. 6 თვე გაუნძრეველი წოლისას მივხვდი, რა ბედნიერებაა ადგომა. თუმცა ფეხებს

ვეღარ დავეყრდენი და ეტლის ბორბლებით დავუბრუნდი გარესამყაროს.

ქვეყანა დაიყო პანდუსებად და საფეხურებად.

აქტიურობა ყოველთვის მიყვარდა, მალე ვიპოვე გზა საინვალიდო მოძრაობაში,

დავუმეგობრდი ეტლით მოსარგებლეებს. ქვემოდან ზევით ყურებას მივეჩვიე.

ხშირად მიწევდა ადამიანთა შეუგნებელ სიბრალულთან შეხლა.

დედაქალაქი აღარ ისხამდა უპატრონობის დაკონკილობას. სიმშვიდე სუფევდა ქუჩებში,

წარსულს შერჩენოდა შიშნარევი საღამოები და სიბნელე.

სიცოცხლეს მეტი ფასი დაედო. ლექსების თხზვა ბავშვობაშიც მომწონდა, ეტლმა

დამიბრუნა წერის სურვილი.

ტელეფონით წავუკითხე თიკოს, ლამაზ გოგოს, ლამაზი ეტლით მორბენალს, ახალი ლექსი:

„მეც ავფრინდები”.

მომიწონა...

მეც გავაგრძელე წერა. მეორე ლექსმა, „შემოვალ ეტლით” ინტერნეტში დიდი მოწონება

დაიმსახურა.

ინვალიდის ეტლი მრავალგვარი არსებობს: მობილური, სწრაფი, ეტლის „ჯიპი”, ეტლი

„ფერარი”, ხუმრობით ვარქმევთ ამ სახელებს. მობილური ეტლით კარგი მესაჭე კიბეზეც

ადის.

მე „ჯიპ” ეტლში ვიჯექი და ზარმაცა გამოვდექი. სულ სხვებს ვთხოვდი: „გამაგორეთ,

გამაგორეთ”.

ბედნიერება მავსებდა საწოლის ტყვეობიდან გაქცეულს. მზე კაშკაშებდა, თავს დამნათოდა,

ფანჯრიდან აღარ ვუცქერდი. მანქანის საჭესაც დავუბრუნდი.

ჩვენს ქალაქში ცოტაა ინვალიდობის მქონე მძღოლი.

მერიამ აღრიცხვაზე ამიყვანა და ამაყად მივაკარი ადაპტირებულ სადგომზე მანქანის

დაყენების ნებართვა.

გაჩერებაზე ნებისმიერ გამვლელს ვუხმობდი:

Page 2: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– უკაცრავად, საბარგულიდან ეტლი მომაწოდეთ. – სალონში არ მეტეოდა ჩემი ბორბალა.

დაბნეული გამვლელი იღებდა და მაწვდიდა.

– აქ დააჭირეთ, გაიხსნება, – საჭეს ვეყრდნობოდი და ვჯდებოდი.

ეტლიანს ჩანთა არ სჭირდება, სად გადაიკიდებს? ეტლს უკან აქვს დიდი ჯიბე და იქ ტენი

ყველაფერს. აუცილებელია სველი ხელსახოცი, ხშირად გვესვრება ხელები. უნდა გეწეროს

პატრულის და სითი პარკის ნომერი. ვინმეს მანქანა თუ დგას სპეციალურ სადგომზე,

ურეკავ და გაათრევენ საჯარიმოზე.

უნდა იცოდე, რომელ მაღაზიას და კაფეს აქვს პანდუსი.

ბათუმში იახტების ჩემპიონატზე ჩავედით ეტლიანები. პიცა მოგვინდა, შორიდანვე

შევნიშნეთ პანდუსიანი კაფე, ყველას შევასწარი, გავქანდი მთელი ძალით და ოფიციანტს

გავებლანდე ფეხებში. დამცქეროდა გაოცებული:

– ერთი მაგიდა 6 კაცზე, სკამები არ გვინდა, ჩვენი გვაქვს.

ახალგაზრდა გოგო მაგიდას მიაწყდა, მოაშორა ხის მძიმე სკამები და შემოვულაგდით.

ვგრძნობდი ხალხის მზერას, ალბათ დათრგუნული ან შეწუხებული ენახათ ეტლში

მჯდომი. ჩვენ ვხორხოცებდით, უმრავლესობა ახალგაზრდები. ფერიასავით ლამაზი თიკო

ინგლისურად ელაქლაქებოდა ვიღაცას მობილურზე.

– ტუალეტი სადაა აქ? – დავეკითხეთ პერსონალს. ადაპტირებული აღმოჩნდა და

გავგორდით. სამწუხროდ, ტუალეტმაშენებელს ონკანი არ გაეთვალსწინებინა ჩვენთვის და

ბოთლით დაგვაბანინეს ხელები. სიბრალულით გვიყურა მოხუცმა ქალმა.

– სკოლა დამთავრებული გაქვთ, შვილებო?

– კი, ბებია, სკოლაც, უმაღლესიც.

– კაია, ბებო, კაი.

პიცები მივირთვით. გოგა ავტოეტლში ზის, ჭაღარა და სიმპატიური. ის გვატარებს

მინივენით. მანქანას პანდუსი აქვს, ეშვება პულტით, ავდივართ, მძღოლი ავტოეტლით

ადის საჭესთან და ხელით მართავს.

ავტოეტლი აკუმლატორით დადის, ხელით ტარება არ სჭირდება, თუმცა ძვირი

სიამოვნებაა.

– წავედით, სასტუმროში სხვა ეტლიანები გველიან, – გოგა მოგვიწოდებს.

– ვიცნობ? – მობილურში ვიჭყიტები.

– არა მგონია.

Page 3: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

ავავსეთ მინივენი ამდენმა ადამიანმა. მუსიკებზე კინკლავით და პულტზე დავით

მივაღწიეთ სასტუმრომდე.

ფოიეში ყავას სვამდნენ უცნობი ეტლიანები. უფროსები ჩანდნენ. ვერავინ ვიცანი. ერთმა

მიიქცია ყურადღება, ბევრი სვრინიგი ჰქონდა, ყურზე საყურე ეკეთა კაცს და თმა კუდით

შეკრული. მომეწონა. მივაგორე „ჯიპი–ბორბალა” მასთან.

დათა ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა, უსაზღვროდ ნაკითხი, ნიჭიერი მხატვარი. გვიან ღამემდე

ვილაპარაკეთ. წიგნები განვიხილეთ, ჩვენი საერთო პრობლემები შევაჯერეთ.

– ეტლში როგორ აღმოჩნდით? – დავინტერესდი.

– ტყვია მომხვდა. – მშვიდად მიპასუხა...

ტყვიის ხსენებაზე ჩემი ბავშვობა გამახსენდა.

***

1989 წლის 9 აპრილი:

თბილისში მომიტინგეები საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას ითხოვდნენ.

11 წლის ვარ და ვერ ვხვდები, რატომ დახოცეს ადამიანები მიტინგზე. ტელევიზორს

მიჩერებულ ოჯახს შევუერთდი, გადაცემაში ტანკს დროშის ტარს ურტყამდა ვიღაც,

სასაცილოდ მომეჩვენა და გადავიკისკისე. მიყვირა მამამ. ცრემლი მომადგა და გავიძურწე

ოთახიდან.

ავტობუსში მოხუცი ქალი კითხულობს:

– რა იყო, დედა, რატომ გვხოცავენ, რა ხდება? – დაესივნენ, ეგნიასებიან, უხსნიან და

„თავისუფლებას” ახსენებენ ხშირად.

– თავისუფლება გვინდა და ამისთვის გვკლავენ! – შესძახა შაგვრემანმა ბიჭმა. ჩამრჩა

სულში სიტყვა „თავისუფლება”.

– საბჭოთა კავშირი ცუდია? – სკოლაში ყველაზე აქტიურ მასწავლებელს ვკითხე, სულ რომ

ლენინი და პარტია ეკერა პირზე. სასტიკად აღშფოთდა:

– ცუდია, აბა, კარგია?! ჩვენ თავისუფლება გვინდა. რა დროს ლენინია და კომუნისტური

პარტია?

– აბა, რომ ამბობდით, კომუნიზმიო? – გავიკვირვე. თვალები დამიბრიალა.

– შედი კლასში და ნუ ლაპარაკობ ზედმეტს.

დაბნეული დავემორჩილე.

Page 4: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

მამას მივაკითხე, ის ავტორიტეტად მიმაჩნდა:

– რა არის თავისუფლება?

– დამოუკიდებელი ხარ, თავად წყვეტ, როგორ იცხოვრო.

– რატომ დახოცეს მიტინგზე ხალხი?

– ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ საბჭოთა კავშირისგან.

– ცუდია საბჭოთა კავშირი?

– კი, ცუდია.

– აბა, რატომ ამბობდნენ მასწავლებლები, დიდი საბჭოეთიო? რატომ მღერიან მასზე

სიმღერებს? წიგნებში ხომ წერია, როგორ იბრძოდნენ გმირები სამამულო ომში.

მამა დაფიქრდა, ახლა მესმის თუ როგორ უჭირდა ჩემთვის ამდენი რამის ახსნა.

– გაიზრდები და გაიგებ.

მსგავსი პასუხები ბავშვებს არ უყვართ, თავი დიდად მიმაჩნდა და გავნაწყენდი.

– მე ვარ თავისუფალი, მამა?

– რა თქმა უნდა. – მომითათუნა თმაზე ხელი.

მეორე დღეს სკოლაში წიგნებზე ლენინის ფოტოები დავჯღაბნე, ყელსახვევი დავხიე,

კარადიდან საბჭოთა კავშირის ისტორიის წიგნი გამოვათრიე და ფანჯრიდან გადავუძახე.

პედაგოგმა დასჯა დამიპირა, მოხუცი ხარიტონ მასწავლებელი აღშფოთებისგან თრთოდა:

– რა დღეში ხარ, ასეთი რამის გულისთვის ადრე ხალხს ხვრეტდნენ.

– მე თავისუფალი ვარ, – დავიკარი გულზე ხელი ამაყად.

ოთხმოცდაათიან წლებში ომშემოხვეულ ქვეყანაში ქართველთა ხოცვა–ჟლეტა ომად ვერ

აღვიქვი.

წიგნებიდან ვიცნობდი თავდადებულ ბრძოლებს, გმირულ სიკვდილს.

– სამშობლოსთვის შვილებს სწირავდნენ დედები, შენ შემწირავ? – დედას ვკითხე.

განრისხდა:

– ნუ ამბობ სისულელეს!

– წიგნებში რაც წერია, ტყუილია?

არ გამცა პასუხი. მამას მივადექი, შეიშმუშნა:

Page 5: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– მაშინ სხვა დრო იყო.

– სხვა დრო რომ იყოს?

– ვერავის შეგწირავ! – აღიარა.

– აბა, სამშობლო?

– მე შევეწირები, შენ არა. – უკმაყოფილო დავრჩი არაგმირი მშობლებით.

თბილისის ომის დროს მამა ორი დღე არ ჩანდა. ვიგრძენი ომის საზარლობა, გაურკვეველი

მოლოდინის ძალა... მესამე დღეს გამოჩნდა. მიცვალებულები მიუსვენებიათ ოჯახებში.

ერთ–ერთი მეგობარი ჩაუცხრილავთ მანქანაში. მორგებში ეძებდნენ თურმე.

– ძმათამკვლელი ომია რუსთაველზე, სროლები მხოლოდ ერთ ქუჩაზეა, სხვაგან

რესტორნები სავსეა მოქეიფე ხალხით, – დედას უთხრა.

სამეგრელოს შეესია „მხედრიონი”. ძარცვავდნენ, წვავდნენ, კლავდნენ, აყაჩაღებდნენ...

საზარელი ამბები ისმოდა. სადღაც გააუპატიურეს დედა–შვილი, იქ დაწვეს ოჯახი

ცოცხლად, კლავდნენ დაუსჯელად. განუკითხაობა სუფევდა ყველგან.

– მეც მინდა თოფი, უნდა ვიბრძოლო, – განვაცხადე.

– გოგო ხარ, – იყო ცივი პასუხი.

გოგოობა ძნელია. ეკრძალება თოფგადაკიდებული სირბილი აქეთ–იქეთ. გოგო წყნარად,

თავდახრილი უნდა დადიოდეს.

ტელევიზორში ხშირად უჩვენებდნენ „მხედრიონის” ლიდერს ჯაბა იოსელიანს და მის

დამქაშებს. უკვე ლამის ყველას ვცნობდი სახეზე, მძულდნენ იმ დამცირებისთვის, რაც ერს

მიაყენეს. მძულდნენ შიშში გატარებული წლებისთვის. ვოცნებობდი, ხელში ჩამეგდო და

დამეხოცა. სიკვდილზე მშვიდად ვფიქრობდი. ბავშვური გული ბრაზით მქონდა

გადატენილი.

ღამე ყაჩაღობები წესად იქცა...

მოგვშივდა, შეგვცივდა, ფეხსაცმელები შემოგვეხა.

დღემდე ვნახულობ ბავშვობის კოშმარს, სკოლაში წასასვლელად ორ ერთნაირ ფეხსაცმელს

ვეძებ და ვერ ვპოულობ. ცალ–ცალია...

მამა საქართველოდან წავიდა ფულის საშოვნელად.

ორი თოფი გვქონდა სახლში, ორლულიანი, ერთლულიანი და ტირი. "ტოზი" უფროს ძმას

ედო თავთან, ერთლულიანი მე, ჩვენ კარგად ვისროდით, ტირი საშუალო ძმას.

შიგნით ლამპა არ გვენთო და ბიძამ გაგვაფრთხილა:

Page 6: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– არ შეგეშინდეთ, ხმაურზე ეგრევე დაწექით იატაკზე, ესროლეთ და შემოგეშველებით.

ბიძასთან ერთ ეზოს ვიყოფთ. კერძო სახლი გვაქვს.

ყველას მეორე სართულზე გვეძინა, უშუქო, ცივ ოთახებში. პირველ სართულზე აბანო იყო.

ღამე კარის გაღების ხმა გავიგე, აბანოში ვიღაც შევიდა, გაფრთხილება–სწავლების

მიხედვით უნდა ამეღო გატენილი თოფი, ჯერ იატაკზე დამეხალა ხმაურის მხარეს,

გავწოლილიყავი ქვის კედლისკენ. გაიღვიძებდნენ ჩვენები და დაიწყებოდა ბრძოლა

სიცოცხლისთვის.

შემეშინდა, ისე შემეშინდა, ვერ გავინძერი და საბანი თავზე შემოვიხვიე. დრო არ გადიოდა.

ველოდი მომხვდურს საკუთარი მოღალატური შიშით გათანგული.

საზარლად გათენდა, დილას გავბედე აბანოში ჩასვლა ხელში თოფმოცახცახემ და იქ

შეპარული ძაღლი პანღურით გამოვაძევე, ვლანძღე გულის გახეთქვისთვის.

მამა დაბრუნდა სახლში, ბევრი ვერაფერი ეშოვნა. სახლამდე ფეხით ევლო ოცამდე

კილომეტრი. დედ–მამის საუბარს მოვკარი ყური, ღამე ჩურჩულებდნენ ნათესავ გოგოზე:

– „მხედრიონელებს” წაუთრევიათ, ძმასთან ერთად ყოფილა, ძმა უცემიათ, 12 წლის გოგო

გაუუპატიურებიათ და დაკარგულიაო. ან მოკლეს, ან ისევ აწამებენ.

თავზარი დამეცა. ერთი ის „მხედრიონელი” მომაკვლევინა ან ჯაბა თავად, –ვოცნებობდი.

აკუმლატორზე შეერთებულ თორმეტვოლტიან ტელევიზორში მივჩერებოდი

„მხედრიონელთა” სახეებს და ვნატრობდი ჯადოსნურ ძალას, სიძულვილმა

გულჩათხრობილ მოზარდად მაქცია.

სტუდენტობა და ჩაბნელებული, ზამთარში გაყინული, მეტროებგაჩერებული თბილისი

განუყოფელია ოთხმოცდაათიანელისთვის.

სველი ფეხები, საბანშემოხვეული დეკემბერ–იანვარ–თებერვალი. სუსხიანი ჰაერის

ორთქლში გაღვიძება, ნავთის სუნი და შუქის მოსვლისას აგრიალებული კორპუსები

დედაქალაქის ნაწილად ქცეულიყო.

რუხი და ჭუჭყიანი თბილისი კოპებშეკრული, უნდობელი, უსიხარულო სახეებით

ფეთქავდა.

საჯარო ბიბლიოთეკაში თბილოდა. იქ ვიკრიბებოდით სტუდენტები. ხუთ–ხუთ თეთრად

მოგროვებული ფულით ვყიდულობდით თონის პურს და ვიყოფდით.

დაღამებამდე სახლში მისწრება წესად უნდა გქონოდა, თორემ გაგძარცავდნენ.

დაუცველობის, მიუსაფრობის განცდამ დააბნელა ახალგაზრდული წლები.

გვშიოდა, გვციოდა, გვეშინოდა.

Page 7: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

ბავშვობის ოცნება ცოცხალი „მხედრიონელი” მომეკლა, დამეხრჩო, მწარეღიმილიან

მოგონებად დამრჩა.

დღემდე მეჯავრება ზამთარი. ჭეშმარიტი ოთხმოცდაათიანელი ვარ.

გავიდნენ წლები.

ჯაბა იოსელიანმა წიგნები დაწერა და უჩემოდაც მოახერხა სიკვდილი.

„მხედრიონიდან” ბევრი არავინ გადარჩა ცოცხალი.

მილიონნახევრიან ქალაქში უკვე სიცოცხლე დუღდა. სადღა იყო ასფალტდაკონკილი

ქუჩები, ჩაბნელებული კორპუსები. ჩახჩახებდა ჩვენი ლამაზი თბილისი.

***

– მერე? – ვეკითხები დათას.

– გადავრჩი და შევიცვალე, მხატვარი გავხდი. შენ რა მოგივიდა?

– ავარია.

– მიაქროლებდი?

– არა, სხვა დაეჯახა „მარშუტკას“ და საწინააღმდეგო მიმართულებაზე გადმოვარდა, ზედ

დამეცა.

– ადგომის შანსი გაქვს?

– კი, თქვენ?

– არა. აქ რა, ცუდად ვარ?

– მე მინდა ადგომა, – თიკო ჩაერთო დიალოგში. ის ულამაზესია.

– მშვენივრად ვართ აქაც, – იცინის რატი. გადაკრული აქვს ბლომად.

დილას იახტებზე გავნაწილდით. რატი ცდილობდა მოგებას, თუმცა ჩემმა იახტამ

დაამარცხა და პირველი ჩავიდა ფოთში. ამაზე გაიბუტა, ბოლოს შევირიგე, როგორც იქნა.

სამი დღე ვიცხოვრეთ ერთად და დათას ძალიან დავუახლოვდი, სვრინგის გაკეთებაც კი

შემომთავაზა.

ბოლო საღამოს ვიქეიფეთ, ვიღაცამ „მხედრიონი” ახსენა, სუფრას მოშორებული ზღვას

გავცქეროდი, შემოვბრუნდი.

– რა „მხედრიონი“, მძულს ყველა „მხედრიონელი“. – მოქეიფეები საეჭვოდ დადუმდნენ.

დათამ გაიღიმა.

Page 8: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– რა დონეზე გძულს, მოკლავდი რომელიმეს?

– კი, ჩემი ხელებით დავახრჩობდი.

– იქნებ შეიცვალნენ?

– არა მგონია.

– იქნებ შენ შეიცვალო

– არასოდეს, – აღვშფოთდი.

ჩვენმა მინივენიანმა მესაჭემ ღვინო დაასხა და დათას მიაწოდა, საუბრის თემა შეცვალა,

ახალი სადღეგრძელო წამოიწყო.

ზღვაურმა ნაპირზე გამიტყუა. ქვიშამდე მივედი და დიდხანს ვტკბებოდი წყლის

ჩქარუნით.

ქეიფის დასასრულს რატიმ ეტლით იცეკვა, ქუჩებში ფრანი გავუშვით და მეორე დღეს

დავბრუნდით თბილისში.

ინტერნეტში ფოტოები დავდე იახტების ჩემპიონატის.

მეგობარმა დამირეკა:

– ფოტოები ვნახე, რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, გაგიჟდი.

– რა მოხდა?

– ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელთან, დათა ლანჩავასთან სურათი რამ გადაგაღებინა?

– რას ამბობ?

– ალბათ ვერ იცანი, თმები გაუზრდია, გამხდარა, ეტლში ზის, დასვირინგებულა. გავიგე,

ხატავსო. არ გაგიგია, 12 წლის გოგო ჰყავს გაუპატიურებული.

– გამიგია, ვერ ვიცანი, იქნებ არ უქნია ეგ?

– არ ვიცი, ამბობენ ასე... ხალხს რომ ხოცავდა და ნარკომანი რომ იყო, ეგეც მოუგონეს?

დავდუმდი. ფოტო წავშალე.

თავი საშინლად ვიგრძენი. გავიაზრე, რა მოხდა ბათუმში სუფრაზე.

ერთ კვირაში დამირეკა დათამ და გამოფენაზე დამპატიჟა.

წავედი გამოფენაზე.

რატომ? არ ვიცი...

ვეძებე ხალხში.

Page 9: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

დაკარგული ბავშვობა სისინებდა სხეულში.

ვიპოვე. შორიდანვე გამიღიმა გულიანად.

– ჰეი, აქეთ ნახე, შენი ფოტოა ჩემპიონატზე. – ხმა ვერ ამოვიღე, მივუახლოვდი მის ეტლს.

ბენდენა ჰქონდა წაკრული და მიცინოდა. შემატყო ცვლილება.

– მოხდა რამე?

– არაფერი... – გავჩუმდი. სურათს შევხედე. ჩემიონატზე დაჯილდოების მომენტი ჩანდა.

– გინდა ეს სურათი?

– გამოფენის არაა?

– მოვიპარავ შენთვის. – არ ვიცი, ეტლიდან კედელზე ამდენ ხალხში როგორ აწაპნა იმხელა

სურათი, ჩემს მანქანასთან მიყუდებული დამხვდა.

არაფერი ვუთხარი... ვერაფერი... სიძულვილი აღარ მქონდა. არც მისი სიკვდილი მინდოდა,

დაჯერება მსურდა, რომ შეიცვალა.

ის შეიცვალა, დროც შეიცვალა...

დათა მხატვარი იყო და გამოფენას ჩემთვის სურათს ჰპარავდა,

ოთხმოცდაათიანელი ვიყავი და აღარავინ მძულდა.

თურმე შევცვლილვარ.

საჭესთან დავჯექი, ეტლი მანქანაში გამვლელმა ჩამიდო, დიდი სურათიც. მოვიხედე.

პანდუსთან გაჩერებული მიყურებდა.

– „რა დონეზე გძულს, მოკლავდი რომელიმეს?

– კი, ჩემი ხელებით დავახრჩობდი.

– იქნებ შეიცვალნენ?

– არ მჯერა!

– იქნებ შენ შეიცვალო

– არასოდეს“.

არასოდეს თქვა – არასოდეს!

დედაქალაქში თბილისობის დღესასწაული იდგა. შემოდგომა ფერად ფოთლებს

ატკაცუნებდა. პატრულის ციმციმა მანქანამ ჩამიარა. რუსთაველზე ადამიანები ჭრელ–

Page 10: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

ჭრელად დააბიჯებდნენ. არსად ჩანდა ომისა თუ სისხლის კვალი. სპეციალურ სადგომზე

შევაყენე ძველი და მტკიცე „მერსედესი“.

– აქ ეტლიანები აყენებენ, – მეცა ვიღაცა.

– ეტლიანი ვარ, საბარგულიდან მომაწოდეთ თუ არ შეწუხდებით, – საჭეს დავეჭიდე და

გადავჯექი. მანქანა დავკეტე. ცოტა ხანში მივუახლოვდი 9 აპრილის მემორიალს.

გარდაცვლილი მშობლები მომაგონდნენ.

გარდასული წლები.

„– მე თავისუფალი ვარ, მამა?

– რა თქმა უნდა”.

გამეღიმა.

***

ეტლში ჯდომა მხოლოდ ბორბლებით გადაადგილება არაა.

გაგორდე და გამოგორდე.

იმდენი პრობლემაა თავმოყრილი, ერთის დასრულებამდე მეორე იწყება.

თავიდან დავიწყო თუ ფეხიდან?

ბოლო უნდა მეთქვა, არა?

მომწონს გამოთქმა „ფეხიდან” და ასე ვიტყვი.

დღეს ტრენინგზე მივდივარ, სექსის ტრენინგზე.

გარყვნილების სექტაში კი არ ჩავერთე.

სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებულ, ოფიციალურ სწავლების კურსს გავივლი.

ხერხემლის დაზიანებისას სხეულის ნაწილი პარალიზებულია.

ვერ გრძნობს ადამიანი წელქვევით ან შეიძლება მხრებს ქვევით ვერაფერს, გააჩნია

დიაგნოზს.

ასე, რომ დამწყებ ეტლით მოსარგებლეს საზოგადოებასთან ინტეგრაციისკენ მიმავალ

გზაზე რაღაც ბილიკების გავლა სჭირდება.

დღეს პირველი ტრენინგია, ვღელავ, რამე რომ მკითხოს ტრენერმა და ბრიყვის როლში

აღმოვჩნდე?

Page 11: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

შარშან უკრანიაში ვიყავი სამკურნალოდ და სავარჯიშოდ, ტუალეტში დამოუკიდებლად

რომ შემძლებოდა სიარული.

არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფინანსა ეტლით მოსარგებლე ქალების რეაბილიტაცია.

ტრენერმა ამომიჩემა და გამომათრევდა კვირაში ერთხელ ჯგუფის წინ, მოითხოვდა,

მომეყოლა, რა შეიცვალა თერაპიის მერე, სულაც არ მსიამოვნებდა ახალბედებისთვის

ჩამერაკრაკებინა, როგორ მოვახერხე პამპერსის გარეშე მოფსმა, რანაირად დამიბრუნდა

შარდის ბუშტის ავსებისას შეგრძნებები ან რა სიხშირით გავდივარ კუჭში.

იმედია, სექსის მასწავლებელიც არ მომადგება დღეს.

მრცხვენია, –ეგ ერთი.

არ მინდა პირად თემებზე საუბარი, –ეგ ორი.

უმთავრესი ... რა მაქვს მოსაყოლი?

არც არაფერი.

შევცდი, რაააააააააააა.

ტყუილად მივეთრევი ამ ტრენინგზე.

უნდა ვივარჯიშო ახლა.

ვარჯიშამდე შავი ქლიავი ჩავყარე ჭიქის მესამედზე, დავასხი ცხელი წყალი, შეგრილდება

და დავლევ.

კუჭს უხდება. მონელებას ხელს უწყობს.

აღარ მინდა პროქტოლოგები.

ტრუსიკის ჩახდა ვის სიამოვნებს პროქტოლოგთან?

ერთხელ შეეშალა და სხვაგან არ მატაკა ხელი?

ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი.

სულაც არ მინდოდა ქალიშვილობა პროქტოლოგის ხელთათმანისთვის შემეტოვებინა.

არაა, აჯობებს მივყვე ექიმის ინსტრუქციებს.

მუდმივი ვარჯიში სულს მხდის. რეაბილიტაციის ცენტრები ძვირია, ვხლაფორთობ

თვითონ.

გავიშხლართები საწოლზე და ვასრულებ სავარჯიშოებს.

ვარჯიში მეზარება, ვერ ვიტან! ვერა!

Page 12: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

დავემხე საწოლზე და არ ვინძრევი. არ შეიძლება რამე რობოტი მყავდეს, მეცეს და თავად

მავარჯიშოს?

ტელეფონი სად ჯანდაბიდან რეკავს?

აჰა, იატაკიდან.

რა ვუყო ახლა?

დავწვდე და მეც ჩავებრეხვო ძირს?

ესაა რაააა, მარტო ცხოვრება.

ჩემი ძაღლი სასეირნოდაა ჩაბრძანებული, თორემ მომიტანდა.

ახლახანს გაიფხაკურა კარებში, ღირსია მივუკეტო, მჭირდება და დაწანწალებს ქუჩაში.

ფრთხილად ჩავეკიდე საწოლიდან, ჯოხით მოვაჩოჩე ახლოს. ორი თითი მოვჭიდე, უჰ,

ამოვათრიე. ვუპასუხე. დათაა:

– ელლა, რა ხმა გაქვს.

– იატაკიდან ავათრიე მობილური.

– იმედია, რამე არ მოიტეხე.

– არა.

– აა, შენ გრძნობ ხომ ცოტას და გაიგებდი.

– კი, მოტეხას ვიგრძნობდი.

– მე ბრმანაწლავის გასკდომა ვერ ვიგრძენი, ლამის ფეხი გავჭიმე დაგვიანებით მისულმა.

ღებინება რომ დამეწყო, მეგონა, მოვიწამლე.

– ეგ როდის?

– ორი წლის წინ. მოდიხარ ტრენინგზე?

– შენც იქნები?

– მე „ც” ვარ?

– არააა, იმას ვგულისხმობ, რომ დიდი ხანია ეტლში ხარ, ახლებს არ გვწვრთნიან?

– ტრენერი ვარ.

– კაცი?

– მერე რა.

Page 13: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– აბა, კაცების ტრენერი კაცია და ქალის ქალიო?

– ვინ მოიგონა? სამთვიანი კურსი გავიარე, ზრდილობიანად როგორ გასწავლოთ, სიაში

გნახე ახლა და გამიხარდა, ცოტას ვნერვიულობ, რომ იცოდე, არასდროს არავისთვის

არაფერი მისწავლებია და ნაცნობი არ მაწყენდა. მხარში დამიდგები.

– კარგი, – ნაცნობის ტრენერობამ ამაბნია.

– შეხვედრამდე.

– დათა!

– ჰო.

– სექსზე შეკითხვები არ დამისვა, რა, – ყურები ამეწვა.

– არც ვაპირებდი.

– გაიხარე.

ჰოი, დიდებულო დედამიწავ, საით მიექანები?

სექსის გაკვეთილს კაცი ჩამიტარებს დღეს.

გაიფხაკურა კარმა, მობრძანდა ბროდი, ჩემი ჭკვიანი ნაგაზი.

– ბროდ, მომიტანე შარვალი, – აღებს კარადას, დრუნჩს ადებს შარვლებს, ვირჩევ:

– ჰო, ეგ მომაწოდე, – მოაქვს, ცოტას დორბლავს, რა უჭირს, ეგ არაფერი.

შარვალი დიდად არ მიყვარს, რას ვიზამ, მოხერხებულია. კაბას სად ვდიო? ერთხელ

ეტლით ამოვყირავდი, თეთრ ქვედაბოლოში გამოწყობილი, თავზე დამემხო კაბა, კიდევ

კარგი პამპერსს აღარ ვატარებდი და ლამაზი ტრუსი მეცვა. ამითღა გავიკეთე გული.

ირგვლივ ყველა ეტლიანი მყავდა, ვერავინ დამეხმარა, ვწიოდი აყირავებული, სანამ ორ

ფეხზე მოსიარულე არ მომეშველა.

კეტები კედელთან მილაგია.

– ბროდ, კეტი.

უახლოვდება, თითო–თითოდ ჩერდება, მესამეზე ვანიშნებ. მოარბენინებს.

– ბროდ, ჭამე.

გარბის სამზარეულოში. მიხვდა, მივდივართ, უყვარს სიარული. ნაგაზს სირბილი

სჭირდება, გამოვაბამ მანქანას და ნელ–ნელა მივდივარ, ესეც მორბის, ხარჯავს ენერგიას.

აბა, მე ხომ ვერ ვირბენ?

Page 14: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

დავხედე კეტებს.

უმოძრაო ფეხებს კეტების გაცვეთა სად შეუძლიათ.

ეტლის უკანა ჯიბეში გასაღები, საფულე, მობილური.

ლიფტი მუშაობს, ესეც საქმეა.

– ბროდ, შედი, – არ უყვარს ლიფტი, არც მე მიყვარს მარტოობა.

ხშირად გამკრავს აზრი, შუქი რომ ჩაქრეს და ჩავრჩე აქ? ამიტომ ეტლის უკანა ჯიბეში

ყოველთვის მიდევს ერთი ცალი პამპერსი. ვაფასებ საზურგეზე დიდი ჯიბის მიმკერავს.

სიგრძეზეა ჩაყოლებული და ვჩურთავ შიგ ყველაფერს.

მივედი მანქანასთან, აქეთ–იქით ვიყურები. გამვლელს ვეძებ. უფრო ახალგაზრდას ვარჩევ.

– უკაცრავად, ეტლი ჩამადებინეთ. – წყვილი მოსეირნობდა. მომიახლოვდნენ. გავაღე კარი,

დავეჭიდე საჭეს და სავარძელს, გადავჯექი.

– ახლა რა ვქნათ?

– მანდ დააჭირეთ, დაიკეცება და საბარგულში ჩაეტევა.

– ბროდ, ჩაჯექი.

ძაღლი წინ ჩასკუპდა.

ბიჭმა მოახერხა ეტლის დაკეცვა, ჩადო საბარგულში, მადლობა გადავუხადე და დავიძარი.

მიყვარს მანქანით სიარული, ამ დროს თავისუფალი ვარ, მივქრი, ხელზე მაქვს მუხრუჭი

და პედალი.

ვაგუგუნებ მუსიკას.

სიმღერებში მიქრიან ჩემი დარდები, იფანტებიან.

ვუსმენ და ვწყდები ყოველდღიურ ერთფეროვნებას. ბროდი ფანჯარაში იყურება

კმაყოფილი. მეც კმაყოფილი ვარ, რადგან არავინ მაჯარიმებს – მგზავრს რომ ღვედი არ

უკეთია.

ტრენინგი ადაპტირებულ ანუ ეტლისბორბალსმორგებულ სივრცეშია. ძაღლს მანქანასთან

ყოფნა ვუბრძანე, ჭკვიანია, არ მოსცილდება აქაურობას.

გული მიცემს, ვნერვიულობ.

პირველი არ მინდა შევვარდე, არც ბოლო შევხრიგინდე, ხომ ვიცი, კაბელებს გამოვედები

და ყველა დამიწყებს ყურებას.

Page 15: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– ელლა, სალამი, – მიცინის გამხდარ–გაფსხრიკული თამუნა ბაზალეთიდან.

ღონისძიებებიდან ვიცნობ.

– შენც ტრენერი ხარ?

– არაა, ექიმმა მირჩია დასწრება, გაერთობიო, დათაა ტრენერი.

– როგორ ხარ?

– ახლა კარგად, ორი კვირა ვიავადმყოფე, ხომ იცი, ავადმყოფობა ადვილად გვერევა, თავს

თუ არ გავუფრთხილდით, ერთი გაციებაც მოგვიღებს ბოლოს, სუსტები ვართ.

– მართალი ხარ, ჭიქა ყავით ისე დაიწვა თიკომ კანი, ვერც შენიშნა და რამდენი იმკურნალა.

– როდის?

– ახლაც საფენები ადევს ბარძაყზე, დაიდგა გოგომ ქაფქაფა ზედ და სანამ არ დახედა,

შიშხინებდა კანი.

– რა საშინელებაა, დაჩიმ ნაწოლების ოპერაცია გაიკეთა.

– აუცილებელი იყო?

– აბა, რააა. ძალიან საშიშია, ინფექცია შეიძლება განვითარდეს.

დათა გამოგორდა ჩვენკენ. ვერ დავინახე, როდის გამოჩნდა. ღმერთო, როგორ არ ჰგავს

ოდესღაც ტელევიზორში ნანახ ავტომატიან ახალგაზრდას..

– ჰეი, ლამაზებო, მიხარია, რომ გხედავთ, რაზე საუბრობთ?

– ნაწოლებზე, დაჩის ამბებზე.

– ჰოო, ნაწოლები უძრავად მყოფ რბილ ადგილებზე ჩნდება, განსაკუთრებით იქ, სადაც ვერ

ვხედავთ. კვდება კანი, ჩირქდება და იქმნება სერიოზული პრობლემა. ნახევარი უკანალი

მომაჭრეს მაგ ნაწოლების გამო, სილიკონი უნდა ჩავისხა, მიჭირს.

სიცილი აგვიტყდა.

– რატომ არ გჯერათ, ხალხო, მართლა მიჭირს, გვერდულად ვზივარ, – აპროტესტებს ჩვენს

ხითხითს.

– მეორე მხარეც დაითხელე, – ვურჩევ.

– რაღა დავითხელო, ისედაც გამხმარი ვარ ვაჟა–ფშაველას წიფელივით.

– მაგარი ტატუა, – დავაკვირდი თითებზე ახალ ნახატს.

– გეუბნები, გაგიკეთებ და არ მიჯერებ.

Page 16: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– არააა, რომ მომბეზრდეს, რა ვუყო.

– ყურზე გაგიკეთებ და ვერც შეამჩნევ.

– მოვიფიქრებ.

– ნახევარ საათში დავიწყებთ.

დათა ადმინიტრაციული ოთახისკენ გაეშურა.

ფეხებს ვერ ვგრძნობ, უფრო სწორად სუსტი კონტაქტი აქვს ჩემს ტვინს მათთან, ბარძაყის

ზედა მხარეს ვგრძნობ, ქვედას ვერა.

27 წლისა ეტლში აღმოვჩნდი და ბოლო 6 წელია ოპერაციებსა და რეაბილიტაციებში

გავეჩხირე.

ანუ რას ვყვები?

კი, მიჭირს აღიარება.

სულელური ფლირტების, ერთი მთვრალი კურსელის კოცნის და ბრიყვული, ცალმხრივი

მოწონებების მეტი არაფერია ჩემს პირადში.

ულამაზესი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა რა მიშავს, შემეხედება.

ის 6 წელი ყველა სიმპატიური ექიმი მომწონდა, თან მეჩვენებოდა, თითქოს უმრავლესობა

თეთრხალათიანი, შეხედული მამრი ყურადღებით მავსებდა.

ახლა ვხვდები, ასე მსურდა ყოფილიყო.

სიბრალულით უფრო მეპყრობოდნენ, ახალგაზრდა და დატანჯული, გულისმომკვლელად

გამოვიყურებოდი.

მომბეზრდა – „საწყალი”, „საბრალო“.

სულელური ფილმები ავარიის მერე ეტლიდან წამოხტომა–გარბენაზე ხომ პირდაპირ

ნერვებს მადღლეზს.

სად გაიქცევი, ცეცხლიც რომ მოგეკიდოს, ატროფირებულია კუნთი.

ჩხირივით გამხდარ ბარძაყებს სევდით ვუცქერ, ხან ასე გადავიდებ ფეხს ხელით, ხან ისე,

თითქოს ეტლი კი არა, სკამია.

თავს ვიტყუებ.

სექსის ტრენინგზე დასწრება რატომ გადავწყვიტე, წარმოდგენა არ მაქვს.

Page 17: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

შეყვარებული კი არა, ფეისბუქის მოწონებაზეღა ვარ დარჩენილი.

ქმარი და თეთრი კაბა? – ვის უნდა დაფეხვილი ცოლი?

მე რომ მინდა პრინცესობა?

ადგომაზე ვოცნებობ, სირბილზე, შუბლზე ოფლი რომ გასხამს, ლოყები გეწვის, სუნთქვა

მკერდიდან გიფეთქდება.

კოცნა და სექსიც არ მაწყენდა.

შევგორდი ოთახში, ფარდას ამოვეფარე, ვითომ აქ არ ვარ, დედაჩემმა რომ წამასწროს

თვალი, ძლივს ამოსული თმებით მომათრევდა იატაკზე.

კიდევ კარგი გარდაცვლილია, აცხონოს ღმერთმა.

– სრულფასოვანი სექსისთვის სასურველია პარტნიორი არ იყოს ეტლით მოსარგებლე, –

დაიწყო დათამ, – ეს ხელს შეუწყობს წყვილს, ადვილად დაამყარონ კონტაქტი.

დათას ვერ უყურებ?

ჩამოგვირაკრაკა პოზები, პრობლემები, ყველა გასუსული უსმენდა.

უამრავი კითხვა გამიჩნდა, მაგრამ სხვებს დაველოდე.

– მოიცა, ზურგზე ვწევარ და კაცი მმართავს? – დაინტერესდა ერთი ცერებრალიკი, – ასე

ვეძახით ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონეებს.

– საუკეთესო პოზა გახლავთ, დიახ, თუმცა ბევრი რამეა დამოკიდებული თქვენს

პარტნიორზე.

– გმადლობ.

არ გამაკვირვა?

კაი ჯანმრთელი და ორ ფეხზე მორბენალი რაში თუ ვიპოვე, რა თქმა უნდა, სექსს

მოახერხებს, აბა, რააა.

კაცების ტრენინგი უფრო მაგარი იქნება.

ჯერჯერობით გავიგე ორი პარალიზებული და კიდურებატროფირებული ვერ მოახერხებს

გუგუნა სექსს ერთმანეთთან.

ერთი მხარე სჭირდება ჯანღონით სავსე.

ოცდაათ წელს რაც გავცდი, 12 წლის გოგოსავით მეჩვენება, რომ ყველას მოვწონვარ.

Page 18: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

ბრიყვული სახით ვფიქრობ ამაზე.

„ა, გადარეულია ახლა ეს ჩემზე, ვერ ბედავს თორემ“, „უი, იმან ჭიქა ჩაი დამისხა, ალბათ

შევუყვარდი” და ვიწყებ მომავლის გეგმების დალაგებას.

ეტყობა ასაკთან ერთად სხვას ჭკუა რომ ემატება, მე მაკლდება.

– შვილის გაკეთება უჭირთ კაცებს, – გამანდო გვერდით მჯდომმა.

– რატომ?

– სექსი კი შეუძლიათ, მაგრამ ორგაზმი ძნელია და ამიტომ...

– შვილები არ ჰყავთ?

– ხელოვნური განაყოფიერებით.

– ანუ?

– დაარტყამენ დენს უკან და ასე.

– ვააა. – სად დაარტყამდნენ დენს, ბოლომდე ვერ ჩავწვდი, თუმცა სასიამოვნო არ იქნება,

ეჭვიც არ მეპარება.

გეუბნებით მე თქვენ, არც სექსი გამოვა ფეხზე მოსიარულეების დაუხმარებლად და არც

გადაყირავებული ეტლის გასწორება.

– ხერხემალდაზიანებული კაცებიც ზურგზე უნდა იწვნენ თუ არა? – თამუნამ იკითხა.

– რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაშიც მეორე უნდა იყოს აქტიური.

ეს ჩვენი ბიჭები სულ ტრაბახობენ: „გუშინ ქალებში ვიყავი, ნაწოლები ეტლში სექსით

გამიჩნდა, აუ, ნაშა ავაგდე“.

მგონი არ უნდა იყოს სიმართლე. დაკვირვებული ვარ, ორ ფეხზე მოსიარულე გოგოები არ

უფრთხიან ეტლიან ბიჭებს, საფრთხეს ვერ გრძნობენ მათთან, კოცნიან, ეტმასნებიან,

ეტლში უჯდებიან...

ეეე, ეს იმას არ ნიშნავს, ნაშობენ და ავარდნენ. მოდაშია რააა, შშმ პირთან ვმეგობრობ, აუ,

რა საყვარელიააა, აი, ეგა. არაა, მაგაზე არ უნდა დავებათ.

მე ვისზე ვლაპარაკობ?

ერთი რომ გამიცინოს ვინმემ, უკვე კიბორჩხალასავით ვებღაუჭები, ველი, როდის

შემომთავაზებს ხელს, ფეხს და გულს.

ნუ, ჯერ არავინ არაფერს მთავაზობს, კიბეზე დახმარებისა და სველი ხელსახოცის გარდა.

რა ვქნა? არაა მასალა!

Page 19: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

მასალა რაღაა?

კაცი, კაა–ციი.

ფიქრებში გართული აღარ ვუსმენდი. დათას მზერა ვიგრძენი. შევიშმუშნე.

– შემდეგ კვირას გავაგრძელებთ იმავე დროს.

ააა, დასრულებულა სასწავლო–საინფორმაციო შეხვედრა. არც ისე უხერხული გამოვიდა,

როგორსაც ვუფრთხოდი.

სხვების გასვლას დაველოდე, დათას მივუახლოვდი:

– საინტერესოდ ჩაატარე.

– მართლა? – გაუხარდა.

– ოღონდ ის არ მომეწონა, რომ ორ ეტლით მოსარგებლეს არ შეუძლია სექსი.

– ეგრე არ მითქვამს, აჯობებს, ერთი იყოს დაფეხვილი, – ბოთლი დააძრო ეტლის

საზურგის ჯიბიდან, წყალი მოსვა.

– ანუ ორფეხად მოსიარულეთა გარეშე გვიჭირს, არა?

– რა იყო, ვინმე ეტლიანი შეგიყვარდა?

– არაა.

– აბა, სექსი გადაწყვიტე ეტლიანთან?

– აააარაა, – შევკრთი.

– მაშ, რატომ განიცდი ასე? რაღაცას ორი ეტლიანიც მოახერხებს.

– მაინტერესებს.

– პირადი შეკითხვა მაქვს.

– გისმენ, – ნეტა, რას მკითხავს?

– არ დავლიოთ სადმე?

– მე და შენ?

– ჰო.

– საჭესთან ვარ.

– ვიცი.

– კარგი.

Page 20: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

გამოვედით მზიან ეზოში. ბროდი შემომეგება.

– მაგარი ძაღლია, კარგი ქენი, რომ აიყვანე.

– მეც კმაყოფილი ვარ, ძალიან მეხმარება, კარგადაა გაწვრთნილი, დაბადების დღეს

მაჩუქეს ჩვენებმა.

– გჭირდებოდა ნამდვილად.

– აუ, ვინ დაგვეხმარება ეტლის ჩადებაში?

– არავინ გვჭირდება, შენ დაჯექი საჭესთან, მე დავკეცავ ეტლს და ჩავდებ საბარგულში.

– შენსას როგორ ჩადებ?

– მიყურე.

ერთი ხელით სავარძელს დავეყრდენი, გადავჯექი, დათამ ჩემი ეტლი გააგორა, სარკიდან

ვუყურებდი, ჩადო საბარგულში, მოუარა მეორე მხრიდან, გამოაღო კარი, გადმოჯდა,

დაკეცა ეტლი, შემოათრია, ფრთხილად გადაატარა ჩვენ შუა და უკანა სალონში გადააგდო.

ბროდი ყეფდა და ყეფდა.

– ბროდ, წყნარად. უკან ჩაჯექი, – უკამყოფილო ძაღლი შეხტა ეტლის გვერდით, – როგორ

ამოვიღებთ?

– რა პრობლემაა? ისევ გადმოვათრევ, გადავჯდები და მოგიტან შენს ეტლს.

– ბევრი წვალება უნდა.

– ორ დაფეხვილს ასე სჭირდება ჯაფა დამოუკიდებლობისთვის ნებისმიერ საქმეში, –

თვალი ჩამიკრა.

– კარგია, რომ გამოგვდის დამოუკიდებლობა.

წავედით რესტორნისკენ. ფიცარი მაქვს საბარგულში, მაღალი შესასვლელი თუ ექნა,

ფიცრით გადავივლით.

რესტორანთან შევაჩერე მანქანა, ბროდი მანქანაში დავტოვე.

კარში მდგომ შვეიცარს ვუხმეთ, აღარ მინდოდა ხლაფორთი. მოგვაწოდა ეტლები,

ჩავსხედით, ხელში ფიცარი დავიჭირე, მე რა ვიცი, რანაირი გადასასვლელია კარებში ან

ტუალეტში?

ზღურბლი ცოტა მემაღლა. დადო შვეიცარმა ფიცარი, უშნოდ იგრიხებოდა, სულაც არ

სიამოვნებდა ჩვენი კლიენტობა, ისე შევატყვე.

ავგორდით, ჩავგორდით.

Page 21: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

ოჰოჰოოო, რა ყურადღებას ვიქცევთ საზოგადოებაში, კაი დასვირინგებულ, მოხატული

ეტლიანი დათა, უცნაურად ჩაცმული და გრძელთმიანი.

მორცხვი მე, ბევრად უმცროსი, არც კი ვიცი რამდენი წლისაა.

კუთხის მაგიდა ამოვირჩიეთ.

ფიცარიც ახლოს დავდე, არავინ გადამიგდოს. სადღა ვნახავ ასეთ ფართო, საპანდუსე

ნაჭერს?

მენიუ მოგვიტანეს.

– გშია?

– ცოტა.

– რას შეჭამ?

– რასაც შენ.

– კარგი, შემწვარი ბანანი, ბლინი ნაყინით, არყიანი კოქტეილი.

ეგეთი პრონწკი საჭმელები არ გამისინჯავს.

სასწრაფოდ დავეთანხმე.

ფორთოხლის კოქტეილს ლიმონის გემო დაჰკრავდა.

ერთი ჭიქა უცებ ჩავწრუპე.

– არაყი აქვს, მოგეკიდება, – აბოლებს დათა.

– სიგარეტი ფილტვებზე არ ვარგა, ისედაც სუსტები ვართ და არ გიფიქრია გადაგდებაზე?

– არა, ალბათ თავდაჯერებას გვმატებს, აი, სუსტი ვარ და არ ვუფრთხი სიკვდილს, ასეთი

ბრიყვული აზრებიც გვახასიათებს კაცებს. რა მაქვს დასაკარგი? მესამე ცოლს გავშორდი,

ყველასთან თითო შვილი მყავს. გრძელი გზა გავიარე ამ უბედურ ქვეყანაზე. სადაც

ვიწროა, გაწყდეს.

ბანანი ფრთხილად წამოვაგე ჩანგალს, ამ დესერტს კაი მამაპაპური მწვადი მერჩია, რაღას

ვიზამ. ვიკიკნები და გულში ვფიქრობ, შემდეგში მე შევუკვეთავ.

– მხედრიონში ყოფნას ნანობ?

– არ ვიცი, უკან მოხედვას რა აზრი აქვს, წარსული განვლილია. დალევ კიდევ?

– კი, – მომეწონა სასმელი. ტკბილი, ცივი, ძლიერი. ზოგადად, შავი ღვინო მირჩევნია,

ტკბილი ან კონიაკი, კოქტელსაც არაუშავს. მეორე ჭიქაც უცებ შევსვი. დათა ცოტას ჭამდა.

თვალები აქეთ–იქით დაურბოდა. ვიღაც მიესალმა.

Page 22: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– კიდევ მოგვიტანეთ ერთი ჭიქა.

– დავთვრები.

– დათვერი.

– საჭე?

– ვინ ჩაასუნთქებს ინვალიდს. რატის მართვის მოწმობაც არ აქვს და არავინ სთხოვს,

დაინახავენ ეტლით მოსარგებლეა, უშვებენ.

– ნუ ამბობ მაგ სიტყვას.

– დიაგნოზია ჩვენი: ინ–ვა–ლი–დი, ვიტყვით, არ ვიტყვით მთელი დარბაზი ამას ფიქრობს

ახლა. მაგიდასთან ორი ინვალიდი ზის, რა უნდათ რესტორანში? რა ერესტორნებათ? –

მშვიდად შემომხედა.

– ვიცი.

– ან ეს ბებერი მამაძაღლი რას აკეთებს ამ მშვენიერ გოგოსთან?

– არ ვარ მშვენიერი.

– ანუ მე ბებერი მამაძაღლი რომ ვარ, ამ აზრს იზიარებ.

– უფრო გრძელთმიანი და ტატუებით მოხატული ჭარმაგი შემოქმედებითი კაცი.

– აჰა. კბილები ჩასმული მაქვს, ერთი ტყვია კი არ მომხვდა, რამდენიმე.

– მეც მაქვს ერთი ჩასმული, საჭეს დავკარი და ამომივარდა.

– აირბაგი გაგეხსნა?

– კი.

– მარტო ცხოვრება არ გაშინებს?

– არა, მივეჩვიე. ბროდიც ხომ მყავს. ძალიან მეხმარება, შეუძლია ტანსაცმელიც გამხადოს,

მომიტანოს ნებისმიერი ნივთი, ეტლის მოგორებაც შეუძლია და მეზობელთან

დაფხაჭუნებაც, დახმარებას თუ ვერ შეძლებს. სახლის დალაგებაშიც მაგრად მეხიდება.

– მე ჩემი მოკლულები მესიზმრებიან ზოგჯერ, ღამე ვცდილობ სულ ვიღაც მყავდეს,

შეშინებული როცა ვიღვიძებ, – მოსვა.

– მე რაეანიმაციაში გარდაცვლილები.

– შენ რა შუაში ხარ მათ გარდაცვალებასთან?

– ზოგთან ვარ.

Page 23: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– არ მჯერა.

– ჰო... ვარ...

არასდროს მისაუბრია ამაზე. ვგრძნობ, დავთვერი.

– გინდა? – მომიყევი, ყველაფრის გაგება შემიძლია.

– ვიცი, სხვა დროს იყოს. კითხვა მაქვს.

– გისმენ.

– რატომ დამპატიჟე?

– მგონი კითხვები უნდა გქონდეს სექსთან დაკავშირებით და სიამოვნებით გიპასუხებდი.

ორნი უკეთესად ვილაპარაკებთ, ვიდრე ოცი ადამიანი ტრენინგზე.

– ამიტომ?

– ჰო.

– არ მაქვს კითხვები.

– კარგი, მაშინ შევცდი.

არ ვიცი, რას ველოდი, მართლაც ბებერი მამაძაღლია. უყურე ერთი!

– ბროდს მოშივდება, უნდა წავიდე.

– წავიდეთ, ტაქსებიც დგანან გარეთ.

– წაგიყვან მე.

– სახლში შემოსვლით წამიყვან?

– არააა.

– აბა, ტაქსი მირჩევნია.

გამოვედით, შვეიცარი ფიცრით გამომეკიდა.

დათამ კარი გამიღო მანქანის.

– ბებერი მამაძაღლი ვარ, დამიჯერე.

– დარწმუნებული ვარ, – გადავჯექი. შვეიცარმა ეტლი გააგორა საბარგულისკენ.

– ატარებ ნასვამი?

– მე მგონი, ხომ უნდა ვცადო.

– ყველაფერი უნდა სცადო, აბა რა.

Page 24: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

წვიმდა, შუშა ჩავუწიე და ცალი ხელი გადავყავი. პატრულმა გამაჩერა

– თქვენი საბუთები.

მივაწოდე. ბროდმა დაიყეფა. პატრულმა ცალი თვალით გახედა ნაგაზს.

– რა დავარღვიე?

– არაფერი, წვიმს, ხალხი შუშას უწევს, თქვენ ჩაუწიეთ. ეს რა ნიშანია მანქანაზე?

– ეტლით მოსარგებლის.

– ინვალიდი ხართ?

– ეგ გამოთქმა შეურაცხყოფაა, ეტლით მოსარგებლე ვარ, – პატრული დაფრთხა, მაშინვე

მორიდებით მომაწოდა საბუთები.

– მიბრძანდით, უკაცრავად.

მართალი აღმოჩნდა დათა.

არ ჩამასუნთქა, თავისი პლიუსები აქვს ყველაფერს.

სადარბაზოსთან მეზობელი შემხვდა, ეტლი მომაწოდა, ბროდსაც შეუძლია საბარგულიდან

ამოათრიოს, მაგრამ არ მინდა, ათრევს და გამიფუჭებს რამეს.

დავკეტე მანქანა. წავედით ლიფტისკენ.

– ბროდ, მაგარი ხარ, იცი? – მიყეფს და ხელს მილოკავს. შევედით ლიფტში, დავაჭირე

მეშვიდე სართულს, დაიძრა თუ არა, შუქი ჩაქრა.

პირველად ჩავრჩი ლიფტში, რაც ეტლით მოსარგებლე ვარ.

ამიხდა კოშმარი.

ვურეკავ მეზობელს.

– ნუნუ, ელლა ვარ, გავიჭედე.

– გამოვიძახებ ხელოსანს, ნუ გეშინია. ახლავე დავურეკავ, – ხმაური ატყდა, მოგროვდნენ

მეზობლები.

პამპერსი მოვსინჯე ხელით, ჯერ ვითმენ, თუ გაჭირდა ჩავიხდი შარვალს, ტრუსს

შემოვიჭრი პატარა დანით და გავიკეთებ. ვნახოთ, რამდენ ხანში გამომიყვანენ. ბროდი

კალთაში მიდებს თავს. ბნელა. სიბნელე მზარავს, რეანიმაციაში შუქში ძილს მივეჩვიე.

რეანიმაცია გამახსენდა.

რეანიმაცია, გაუნძრეველი წოლა და ჩემი წილი მიცვალებული.

Page 25: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

არ მომიკლავს.

გავჩუმდი და მკვლელი არ დავსაჯე.

თვალწინ დამიდგა ის დღე.

რეანიმაციაში ყოფნიდან ერთი თვის მერე მორფზე უარი ვთქვი. უძილობა დამეწყო.

ტკივილები მღრღნიდნენ, დახველებაზე მუცლის ნაკერები მტკიოდა, ელენთა მარცხნიდან

ამომაცალეს, ტკივილზე ვგრძნობდი, ღვიძლი ისე არ მაწუხებდა.

ჭამით არავინ მაჭმევდა, არც მასმევდნენ, გადასხმებით ვარსებობდი.

ელოდებოდნენ მოღონიერებას, რომ კიდევ ერთი ოპერაცია გაეკეთებინათ ხერხემალზე..

თავის წამოწევაც არ შემეძლო, ვიწექი ზურგზე.

რეანიმაციაში ხშირად კვდებიან.

პალატაშიც გაჰყავთ ხოლმე მომჯობინებულები.

სტაჟიანი მძიმე ვიყავი, უბრალოდ მძიმე პაციენტი კი არა, სტაბილურად მძიმე.

ყველა პაციენტს თავისი რეანიმოლოგი ჰყავს, ექთანი და ორი სანიტარი. საღამოს ექიმები

მიდიან და მორიგეები რჩებიან, ორნი არიან. დამახსოვრებული მქონდა საყვარელი

ექიმების, ექთნების თუ სანიტრების მორიგეობა.

ტრავმატოლოგიც მყავდა ორი, რადგან ფეხებიც მქონდა დამტვრეული, ყოველ დილა–

საღამოს მეწვეოდნენ და მტოვებდნენ. ერთი დამიმეგობრდა და როცა მორიგეობდა,

თავისი სართულის ნაცვლად ჩემთან იჯდა, მელაპარაკებოდა, პასუხებს ვუწერდი ან

ვჩურჩულებდი. დაურეკავდნენ და გარბოდა ხოლმე.

მხოლოდ მე დავრჩი ათკაციან მდუმარებაში ფხიზელი. აპარატზე მყოფები მეტწილად

გონს არ არიან.

ჩვენ აპარატით ვსუნთქავდით. ახალმოსულებს პირიდან ეწოდება ფილტვში ჰაერი, თუ

ორი კვირა გავა და ცოცხალი რჩები, ყელზე ჭრიან, იქ ერთდება მილი პირდაპირ. დღეში

ორჯერ მაინც უნდა გაიწმინდოს სასუნთქი, ამისთვის ფრიად უსიამო პროცედურას

ასრულებენ ექთნები, რაღაც მექანიზმს უერთებენ მილს, გახრჩობენ თითქოს. სანაცია ჰქვია

პროცედურას. სასუნთქ გზებში, რომელიც ყელშია გაჭრილი, გიყოფენ მილს და ჰაერით

ასუფთავებს აპარატურა.

ერთხელ შუაღამეა... გულაღმა ვწევარ, ჭერს ვუცქერი, ვერ ვიძინებ, ვფიქრობ... თვალის

გუგები მეღლება, ვლულავ. ცოტა ხანში ვახელ, პალატის ბოლოს ქალი წევს, ინფარქტით,

ამბობენ უკეთაა და მალე გადაიყვანენ, გვერდზე ფოთელი მეგრელი მიწევს, ქალა აქვს

ახდილი, თავი შებინტული, უგონოდ, არა მგონია, რამე ეშველოს, მოპირდაპირე მხარეს

საწოლი არ თბება ხოლმე, ბუზებივით იხოცებიან, ახლა ცარიელია. ვახველებ და

ხელსახოცში ვაფურთხებ, მის ჩასაყრელად ტაშტი უდევთ ძირს.

Page 26: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

მოხუცი ქალის საწოლთან ექთანი ტრიალებს, მე არ მემსახურება, სახელიც არ ვიცი, ისე

ჭკუას ხშირად ეკითხებიან. ჩანს, პატივსაცემი პიროვნებაა. ამაყად დადის, მხრების

რხევით.

მოჭუტული თვალებით ვაკვირდები, სანაციას უკეთებს ამ შუაღამეს. მონდომებული

ქალია. მალევე შეწყვიტა და სადღაც გავარდა, აპარატურა ზედ შეატოვა ავადმყოფს.

დავიძაბე. მე ერთ ბოლოში ვწევარ, ის მეორეში, კარგად ვერ ვხედავ, რა ხდება. ნუთუ

კვდება? წესით ახლა სამორიგეო უნდა შემოიჭრას, აივსოს ოთახი, მომაკვდავს გულში

ნემსს უკეთებენ და ყველა ესწრება, თუ როგორ კვდება, ხან ნელა, ხან სწრაფად,

გაიფართხალებენ და მშვიდდებიან. არაერთხელ მინახავს.

დუმილია ირვლივ, მხოლოდ აპარატების ზუზუნია, არც წრიპინებს არავისი... თუ

ცუდადაა, მისმა აპარატმა უნდა გამოსცეს წივილის ხმები, წრიპინი მაინც... აშკარად

მკვდარია.

ჩქარი ნაბიჯით მორიგე შემოჰყვა ექთანს.

– ნახეთ, ექიმო, სანაციას ვუკეთებდი და უცებ გაშეშდა.

– მოგიკლავს.

– როგორ, – ექიმმა მიმოიხედა, თვალები დავხუჭე, თავს ვუბრძანებ, არ ინერვიულოს,

თორემ აპარატი იყვირებს, ამ ექიმს არ ვენდობი, არც ექთანს.

– ტრაქეაში ცოტა ღრმად არის წერტილი, როცა ეხები, ეგრევე ჩერდება გული.

– ვაიმე, მე ხომ არ მინდოდა, ეს როგორ მომივიდა, რა ვქნა? – ექიმმა კიდევ ერთხელ

გასინჯა მკვდარი.

– მეორეჯერ არ დაგემართოს, შენგან მიკვირს, გამოცდილი ექთანი ხარ. – გადააფარეს

მიცვალებულს ჩვეულებრივ, შევიდნენ სამორიგეოში, რომელიც გამჭვირვალე შუშითაა

გამოყოფილი რეანიმაციისგან, ოდნავ გახელილი თვალები ვუყურებდი, როგორ წერდნენ

რაღაცას.

რა დამაძინებდა, ჩემს თავს ვუთხარი: „დამშვიდდი, თორემ თუ მიხვდნენ, ყველაფერი

დაინახე, აქედან ვერ გახვალ, შე უბედურო“.

ჩემს აპარატს არ დაუწრიპინია.

გათენდა, მორიგეებმა გადააბარეს ექიმებს პაციენტები. ჩემი რეანიმოლოგი გამოჩნდა, მის

დანახვაზე ჯერ აწრიპინდა აპარატი, მერე აწივლდა.

– რა სჭირს, – შეშფოთდა, აირივნენ თეთრხალათიანები ირგვლივ.

– სატურაცია დაეცა, წნევა გააკონტროლეთ, – ყვიროდნენ, სუბკლავიაში უშვებდნენ

წამლებს, ნელ–ნელა მოვდუნდი, დავმშვიდდი. ხელი ეჭირა შეშინებულ ექიმს.

Page 27: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– რა მოგივიდა? მოხდა რამე?

– არა, – ვჩურჩულებ, არავის ვენდობი.

– ნერვულ შეტევას ჰგავდა, სტრესს, ვინმემ ხომ არ გაგაბრაზა ღამე?

– არა, – ხელზე ვეფერები. ჩაფუმფულებული ქალია, თბილი, გულიანი.

– როგორ შემაშინე, შენ ხომ მამაცი გოგო ხარ.

– ჰო, – ვჩურჩულებ.

– ეს რა ღამეა, ის მოხუცი ქალიც მომკვდარა ინფარქტით, არადა მეგონა მალე პალატაში

გადავიყვანდით, – ტრავმატოლოგს ეუბნება, რომელსაც ჩემი ამბავი გაუგია და

აღელვებული მადგას თავზე.

– აბა, შენგან ველოდით ასეთ ამბავს, ნიახურა? – ასე მეძახდნენ გადარჩენის გამო. –

ჩამომიჯდა და ბუზღუნებს. – ცოდოა ეს გოგო ამ მომაკვდავებში, გონსაა და ხედავს ამ

სიკვდილებს, დაინახე, როგორ მოკვდა?

– არა, – თავს ვაქნევ.

– მიკვირს, როგორ გამოგეპარა, – იცინის.

მოხუცი დერეფანში გაიყვანეს საკაცით. შვილს ნივთები გაატანეს. ტიროდა.

იმ დღის მერე ვაკვირდებოდი იმ ექთანს, არაფერი ეტყობოდა მკვლელის, ჩვეულებრივ

ცხოვრობდა, იცინოდა და დააბიჯებდა მხრების რხევით.

იმ დღიდან სანაციის დროს პანიკებს ვწევდი, ვიხრჩობი თქო და გულგახეთქილი ექთნები

ნახევარზე წყვეტდნენ.

მალე აპარატიდან ჩამხსნეს და აღარ მჭირდებოდა სანაცია.

რამდენიმე ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და სხვა განყოფილებაში დამაწვენდნენ.

ოპერაციის წინ სისხლი ვერ ამიღეს, დამსკდარი მქონდა ვენები, დაზიანებული. მას უხმეს,

გავაპროტესტე.

– არ მინდა, მაგან არ ამიღოს.

– რას ერჩი,მაგარი ექთანია.

– არ მინდა,– გავჯიუტდი. მომიახლოვდა და ხელი აიღო.

– ნუ გეშინია, შენს ექთნებზე ნაკლები კი არ ვარ. – დავდუმდი. ფრთხილად ამიღო სისხლი

და კმაყოფილმა გადასცა ჩემსას.

– აბა, გატკინე რამე?

Page 28: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– არა, – თვალი მოვარიდე, ისევ აწრიპინდა აპარატი.

– ვაიმე, ექიმი, – აგნიასდნენ.

– რა მოუვიდა, გავგიჟდები ახლა, – აღელდა მორიგე, – ხვალ ოპერაცია უნდა გაიკეთოს და

ასე ვინ გაიყვანს საოპერაციოდ?

„დამშვიდდი და ხვალ აქედან გახვალ“, ჩემს თავს ვუბრძანე, ნელ–ნელა დაწყნარდა

აპარატი.

– ოპერაციის გამო ღელავს, – გადააქნია თავი სანიტარმა.

– ის ხომ ძლიერი გოგოა.

– რაღა ძლიერი, დაიღალა ორგანიზმი..

მეორე დილას ოპერაცია გამიკეთეს. რეანიმაციაში აღარ დავბრუნებულვარ.

არავისთვის მითქვამს ეს ამბავი.

მკვლელი დღესაც თავისუფლად დასეირნობს. ხანდახან მესიზმრება, მიახლოვდება და

მილი უჭირავს...

– ელლა, ახლავე ჩაირთვება, – ნუნუ მეძახის გარედან.

– კარგი.

შუქი აინთო, ლიფტი დაიძრა, ჩემს სართულზე ყველა მეზობელი დამხვდა. დიდი ამბით

შემაცილეს. მეზობლებს მოვუბოდიშე და ტუალეტისკენ გავვარდი. ძლივს მივასწარი.

გასკდომაზე მქონდა შარდის ბუშტი.

რა უცნაური დღე იყო.

ბროდს საჭმელი ჩავუყარე ჯამში, წყალიც შევუვსე.

მაგიდასთან მივგორდი. ლეპტოპი ჩავრთე, ისეთი აღელვებული ვარ, ვერ ვისვენებ.

შეკვეთებზე ვმუშაობ, წიგნებს ვარედაქტირებ და მიხდიან ამაში.

ზღაპრებს ვწერ საბავშვო პროექტში.

დროს ვკლავ საქმით.

ფეისბუქზე დათას წერილი დამხვდა:

„დიდი მადლობა დღევანდელისთვის, იმედია, სახლში ხარ”.

ვუპასუხე:

Page 29: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– კი.

– ასე გვიან მიხვედი?

– ლიფტში გავიჭედე.

– შეგეშინდა?

– ცოტა.

– პირადული კითხვა მაქვს.

– გისმენ.

– არავინ გყოლია, არა?

– არა.

– გასაგებია. ტრენინგი არაფერში გჭირდება. შეიყვარებ ვინმეს და ყველაფერი გამოგივათ.

– დაფეხვილს შემიყვარებენ? ვის მოვეწონები ასეთი?

– პრობლემა ეტლი არაა, შენ უნდა ჩამოყალიბდე ცოტა. უეტლოდაც დაბნეული იქნებოდი.

– რანაირად ჩამოვყალიბდე.

– გათავისუფლდი. დაივიწყე მკაცრი აღზრდა, იდეალისტური ბოდვები, იცხოვრე

დღევანდელი დღით.

– დღევანდელ დღეს მარტო ბროდს ვუყვარვარ.

– სიყვარული, შენ როგორიც წარმოგიდგენია, ისეთი, არ არსებობს. დროებითი მოვლენაა.

ყველა ჩემი ცოლი მიყვარდა. ქრება რამდენიმე წელში ეგ გრძნობა.

– გაქრობამდე ხომ უნდა გაჩნდეს?

– გაჩნდება.

– რაღაც უნდა დავწერო, დათა.

– კარგი. მეც ვიძინებ.

არ მინდოდა დიალოგის გაგრძელება, უხერხულად ვიგრძენი თავი.

ფილმის ყურება ვცადე.

„სინათლე ოკეანეებს შორის”. ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, ფინალზე ვიტირე კიდეც.

ღამე უსიზმროდ მეძინა.

კვირა დილას ძილი მიყვარს, მობილურის ზარმა გამაღვიძა, უკმაყოფილოდ ვუპასუხე:

Page 30: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

–ელლა, გძინავს?

– არააა, რადგან ძილი არ მაცალე. – პარასპორტიდანაა ხათუნა. ორ ფეხზე მდგომი და

იდეებით სავსე ჟურნალისტი.

– რა დროს ძილია, დღეს მშვილდოსნობის მოყვარულთა ჩემპიონატი იმართება, გოგოები

ცოტა გვყავს, მოდი, რაა.

– მეზარება.

– მანქანები ცოტაა და შენი ბებერი მერსედესის იმედი გვაქვს.

– კარგი, მოვალ.

– გარეცხე, ადამიანო, გარეცხე, ფერი არ უჩანს.

– უკაცრავად და სად ვიჯდე რეცხვის დროს, გარეთ? ვერ ვიტან, ყველა რომ მიყურებს

თვალებდაჭყეტილი.

– კარგი, კარგი. ოღონდაც მოდი – მტვერსედესით!

შევგორდი აბაზანაში, ტრაპი მაქვს, სკამზე გადავჯექი და ფრთხილად ვიბანავე. აქ

დავარდნაღა მაკლია ახლა და რამის მომტვრევა. ტელეფონი ახლოს მიდევს, რამე რომ

იყოს, მივწვდე.

წარმოგიდგენიათ, გადმოვარდი ამ სპეციალური სკამიდან, ტელეფონი არ გაქვს, ასე უნდა

ეგდო უპატრონოდ, მე ხომ მარტო ვცხოვრობ? არა, სულ მარტოც არა, ბროდი ტელეფონს

მომიტანს ან ყეფით გავარდება კარში, კარებს გასაღებით თუ ვკეტავ, რამდენიმე

ახლობელს აქვთ სათადარიგო, რომ გარედან მომეშველონ გაჭირვებისას. ხშირად არც

ვკეტავ, ბროდი ჩადის სასეირნოდ და სატუალეტოდ.

სახლში ჩემს ძაღლს ვერავინ შემოეპარება.

ბროდი უღალატოა, საიმედო, სპეციალუარდ გაწვრთნილი გერამანული ნაგაზი.

საინვალიდო მოძრაობის გულუხვი საჩუქარი.

ერთ ოთახში ვეტევით. ლიფტი თუ გაითიშა, სახლში ვარ გამოკეტილი. კიბეებზე ხელში

აყვანილი კი ჩავალ, მაგრამ ამყვანს არ უნდა ეზარებოდეს მოსვლა.

სევდიან ფიქრებში გართული მოვრჩი ბანაობას, ფრთხილად გავიმშრალე, მეორე

პირსახოცი ეტლში ჩავდე და გადავჯექი.

საწოლზე გადასული სამედიცინო სპირტით ვიწმენდ ოდნავ შევარდისფერებულსაც,

წყალბადის ზეჟანგით რამე ნაკაწრს, ჩვენ ავად არ უნდა გავხდეთ, ნებისმიერი ნაჩხაპნი

ინფექციის წყაროა.

სურნელოვან პუდრს ვისვამ ყველგან, ესეც სიმშრალისთვის, ვიცვამ.

Page 31: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

ერთ საათში მივაღწიე დარბაზში.

დავაყენე მანქანა, იქვე მელოდნენ უცნობი ბიჭები. მაშინვე მომიგორეს გახსნილი ეტლი.

– ძაღლის შეყვანა შეიძლება?

– ავია?

– არა, გაწვრთნილია.

– შემოიყვანე.

დარბაზში გრილი ჰაერი დამხვდა, მტვრის და ნესტის სუნით. ბროდს დაჯდომა ვუბრძანე.

დასკუპდა მაშინვე.

ოცამდე ეტლით მოსარგებლე ტრიალებდა. მთელ საქართველოში მოგროვებული

ახალგაზრდები. დათა არ ჩანდა.

ტრენერი, რომელსაც ალბათ მერია უხდის:

წესები დეტალურად აგვიხსნეს.

ეტლის მოსარგებლეები ყველაფერში ვჯილდოვდებით, მონაწილეობის მიღებაც კი

საკმარისია, აგვავსონ საჩუქრებით.

ოდესღაც გატაცებული ვიყავი ამ სპორტით.

სხვები სანამ მშვილდებს ატრიალებდნენ, მოვსინჯე ისრები.

გამახსენდა პირველკურსელობა და მშვილდოსნობის ლექტორი, ჭაღარა კაცი სანდრო.

გამეცინა. როგორ ვეპრანჭებოდი და ვაწონებდი თავს.

კარგი დრო გაფრინდა.

აქ ყველას პირველად უჭირავს მშვილდი, ამიტომაა მოყვარულთა ჩემპიონატი.

მშვილდი მძიმეა, საკმაოდ რთული სასროლი, ზოგი კედელსაც ვერ ახვედრებდა, სხვებზე

უკეთ მოვარტყი ნიშანში, არც იყო გასაკვირი, ხალხს არასდროს ევარჯიშა.

მეჩვიდმეტე ნომერი ეკეთა ეტლს, ჩემამდე 16 გამოვიდა, პირველი ადგილი მომაკუთვნეს.

მხოლოდ ერთი ავაცდინე.

ხმაც არ ამომიღია, რომ გამოცდილება მქონდა.

დამასაჩუქრეს ძვირფასი პარფიუმერიით.

სავსე ჩანთა კალთაში ჩავიდე და წავედი მანქანისკენ.

ტრენერი დამეწია:

– თქვენ ნიჭი გაქვთ, იქნებ მოხვიდეთ ხვალ დარბაზში და რამდენიმე რჩევა მოგცეთ?

Page 32: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– რა ნიჭი?

– კარგად ისროდით.

– სტუდენტობისას ნახევარი წელი მშვილდოსნობაზე დავდიოდი, სხვებისგან

განსხვავებით პირველად არ მეჭირა ისარი,– გამოვტყდი.

– მივხვდი, მოყვარულებში?

– დიახ, ერთი თვე ხელში დაჭერას ვსწავლობდი მშვილდის, ერთი მოჭიმვას, დანარჩენი

გასროლას, ბოლოს შევეშვი.

– საქართველოს არ ჰყავს პარასპორტში მშვილდოსანი, იქნებ სცადოთ ვარჯიში.

გამოცდილებაც გამოგადგებათ.

– გვიანი არაა? ბებერი ვარ სპორტსმენობისთვის.

– პარასპორტში არავინაა მშვილდოსანი, აი, ჩემი სავიზიტო, დამირეკეთ, თუ გადაწყვეტთ.

– რა ეღირება?

– არაფერი. ვეძებთ პარასპორტში სპორტსმენებს.

ეჰეჰეე, ჩემპიონი რომ გავხდე უცებ!

საქართველოში წუთში გავხდები, მარტო მე ვყოფილვარ.

დავინტერესდი.

კარგი დღე მქონდა.

– ბროდ, წავედით, – ნაგაზი ჩახტა და მანქანაში ტელეფონმა დარეკა, ყურსასმენი ჩავრთე.

– ელლა, მე ვარ.

– სალამი, დათა.

– გილოცავ პირველ ადგილს.

– გაიგე?

– ტელევიზორში გიყურე.

– რატომ არ მოხვედი?

– დამეზარა.

– კარგი, უკვე საჭესთან ვარ.

– რას იტყვი, შევხვდეთ დღეს, თუ სხვა გეგმები გაქვს?

– არ ვიცი.

– აბა, ვინ იცის?

Page 33: შემოვალ ეტლით რეანიმაციაში ადგომა თუმცა ფეხებს · ტელეფონით წავუკითხე

– სად მოვიდე?

– კაფე გალერეა „ბიბლუსი”, ადაპტირებულია.

– მოვალ 15 წუთში.

– ბროდს არ შემოუშვებენ.

– მანქანაში იჯდება, ჭკვიანია.

– დაგელოდები.

– მალე მიხვალ?

– აქ ვარ უკვე.

– უარი რომ მეთქვა, მარტო იჯდებოდი?

– დარწმუნებული ვიყავი, მოხვიდოდი.

ბებერი მამაძაღლი.

ნეტავ, რამდენი წლისაა?

ფეისბუქზე შევიხედე მობილურით.

56 წლის ყოფილა.

33 წლის ვხდები ერთ თვეში.

უფრო ბებერი მეგონა.

– წავიდეთ, ბროდ? – ჭკვიან თვალებში შევხედე ძაღლს.

შორენა ხუხუა

ტელ: 577-97-32-47

ელ-ფოსტა: [email protected]